კალაშნიკოვი – ფრენების აღდგენის თაობაზე: "მქონდა შეხვედრები საქართველოს მხრიდან პოლიტიკოსებთან, მათ შორის ყოფილ დეპუტატებთან"

22-03-2023 18:56:28 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე ოფიციალურ მაღალჩინსნებს არ შეხვედრია, თუმცა შეხვდა პოლიტიკოსებს, მათ შორის ყოფილ დეპუტატებს და ამ საკითხის მოგვარებით ყველა მათგანი დაინტერესებულია. იგი არ ასახელებს, კონკრეტულად ვის ესაუბრა ამ საკითხზე.

"ჩემი სურვილია, რომ ფრენები ხვალვე აღდგეს, მქონდა შეხვედრები რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებთან, ვერ დაგისახელებთ მათ, მაგრამ ეს საკითხი ყველა შეხვედრაზე წამოვწიე და ვთქვი, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის დრო აღდგა, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ქართველების რიცხვს რუსეთში და ასევე, რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. ასევე, ვთქვი, რომ უნდა მივუახლოვდეთ ვიზების გაუქმებასაც, მაგრამ გასაგებია, რომ ორივე საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ ტრანსპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა უწყების კომპეტენციაშია. მაგრამ პოლიტიკურ ზეწოლას ჩვენი მხრიდან დიდი წონა აქვს. როდის მოხდება ეს, ვერ გეტყვით. საქართველო მხრიდან ოფიციალურ მაღალჩინოსნებს არ შევხვედრივარ, მაგრამ მქონდა შეხვედრები პოლიტიკოსებთან, მათ შორის, ყოფილ დეპუტატებთან, არ დავასახელებ მათ ვინაობას. მესმის, რომ გაინტერესებთ, გინდათ, ეს დაწეროთ მედიაში, რომ შემდეგ მათზე ზეწოლა მოხდეს, მაგრამ ამ ადამიანებს დარტყმის ქვეშ არ დავაყენებ. გეტყვით, რომ შევხვდი პოლიტიკოსებს, ყოფილ დეპუტატებს, ასევე, ყოფილ ქართველ პოლიტიკოსებს, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. ამას დამტკიცებაც არ სჭირდება. რუსები ხომ დადიან საქართველოში ვიზების გარეშე, უცნაური იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა ქართველებისთვის ვიზების გაუქმებაზე. დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად ვართ ამ საკითხის მოგვარების ზღვარზე", - განუცხადა მან ტელეკომპანია "ფორმულას".

მანამდე, კალაშნიკოვმა აღნიშნულ თემაზე ფორუმის "რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები" მსვლელობისას ისაუბრა.

ცნობისთვის: მიმინარე წლი 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის უსწრაფესი აღდგენის იმედი აქვს.

მოსკოვის ინიციატივას საქართველოს მმართველი პატიის წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი. გამონაკლისს ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა.

მოსკოვის ამ ინიციატივის მხარდაჭერისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არგუმენტად კრემლის სადეზინფორმაციო ნარატივი მოიყვანა რუსეთში საქართველოს ვითომდა მილიონამდე მოქალაქის ცხოვრების თაობაზე. ეს სრული სიცრუეა, რადგან თავად რუსეთის საყოველთაო აღწერის ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმადაც კი, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 200 ათასსაც კი არ აღწევდა, ბოლო წელს კი ეს რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა იმის გამო, რომ რუსეთის უამრავი მოქალაქის მსგავსად, პუტინის სამხედრო მობილიზაციას რუსეთიდან უამრავი ქართველი მამაკაციც გამოექცა.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა "ქართული ოცნება" რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების შესახებ უკვე გააფრთხილეს.

.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები