
კენიის პარლამენტი საქართველოში ბაობაბების ექსპორტის "სადავო გარიგებას" სწავლობს
11/04/2023 09:33:58 პოლიტიკა
კენიის პარლამენტი საქართველოში ბაობაბების ექსპორტის "სადავო გარიგებით" დაინტერესდა.
ადგილობრივი გამოცემა Nation-ის ცნობით, კანონმდებლები სახელმწიფო სტრუქტურებს გარიგების არაგამჭვირვალეობის გამო აკრიტიკებენ და ხეების გაყიდვისას კორუფციაზე აქვთ ეჭვი.
ეროვნული კრების (პარლამენტის ქვედა პალატა) გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა კილიფის ოლქის წარმომადგენლებთან ერთად ის სოფლები მოინახულეს, რომელთა მაცხოვრებლებმაც ბაობაბები გაყიდეს, თითოეული - 100-დან 300 ათას კენიურ შილინგად (820-2470 აშშ დოლარად).
"ხეები იმიტომ გავყიდეთ, რომ დიდ ტერიტორიას იკავებენ და მათ გვერდში ვერანაირი სხვა მცენარე ვერ ხარობს", – ირწმუნება ერთ-ერთი ადგილობრივი.
თუმცა პოლიტიკოსები, რომლებიც გარიგებას სწავლობენ, თვლიან, რომ არ იყო გათვალისწინებული მცენარეების არც ეკონომიკური, არც სოციალური ფასეულობა. გარდა ამისა, მათ აინტერესებთ, რატომ მოხდა, რომ ხელისუფლებამ ჯერ აკრძალა, მაგრამ შემდეგ დაუშვა ბაობაბების ექსპორტი.
გამოცემა "The Standard"-ის ცნობით, დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში მოუწიოთ ჩასვლა იმის გასარკვევად, "რატომ იღწვის ინვესტორი ასე ძალიანმ ხეების ექსპორტისთვის".
"სამწუხაროდ, მათ ჩვენს მოქალაქეებს 100-300 ათასი გადაუხადეს, საქართველოში კი ამ ხეებს დაახლოებით 3,5 მლნ შილინგად ყიდიან. ამიტომაც გვსურს, ვეწვიოთ ამ ქვეყანას და კომპენსაციის გადახდას მივაღწიოთ", — განაცხადა დეპუტატმა გერტრუდა მბეიუმ (Gertrude Mbeyu).
ცნობისთვის: 2022 წლის ოქტომბერში "The Guardian"-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, გარემოს დამცველები კენიიდან საქართველოში ბაობაბების ექსპორტის აკრძალვას მოითხოვდნენ.
კალიფის ოლქში ხეებს საქართველოს მოქალაქე გიორგი გვასალიას ხელმძღვანელობით მოქმედი კომპანია ყიდულობდა, რომელიც მაშინ "ბიომეკობრეობაში" დაადანაშაულეს. თავად გვასალია ირწმუნებოდა, რომ ბაობაბების "საქართველოს უნიკალურ პარკში" გადაგზავნას აპირებდა.
ნოემბერში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ შეაჩერა იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელიც კენიაში ბაობაბების ამოძირკვასა და საქართველოში ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა, 2023-ის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ კენიის მთავრობამ, საბოლოო ჯამში, ხეების საქართველოში ექსპორტი დაუშვა და ისინი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადაზიდეს.
სულ მცირე, 2016 წლიდან კენიური ბაობაბების იმპორტს საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებეს. მისი კუთვნილი დენდროლოგიური პარკი მნახველებისთვის 2020 წელს გაიხსნა.