
მედია – ოკუპირებულ ცხინვალში შშმ პირის მკვლელობაში ბრალდებული „ვაგნერის“ მებრძოლია
18/04/2023 10:44:47 კონფლიქტები
გიორგი სიუკაევი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში შშმ პირის 38 წლის სოსლან ვალიევის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლია – იუწყება "რადიო თავისუფლების" პროგრამა "ეხო კავკაზა" ტელეგრამ–არხებზე – „Сапа 15“-სა და „Ног Ирыстон“-ზე დაყრდნობით.
მათი ცნობით, სიუკაევი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც იგი მსახურობდა „ვაგნერში“.
„სუიკაევი გიორგი ვაგნერელებთან საპატიმროდან მოხვდა, სადაც იგი სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის. მკვლელობა მან 2014 წელს ჩაიდინა დონბასში საბრძოლო მოქმედებებისას, სადაც სავარაუდოდ, მოხალისედ იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთიდან. მანამდე სრულიად ახალგაზრდა 2008 წლის ომში მონაწილეობდა“, - ნათქვამია ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე.
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" უკრაინაში ომში მონაწილებისთვის პატიმრების გადაბირება გასულ ზაფხულს დაიწყო. დაქირავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, საუბარია ათობით ათას ყოფილ პატიმარზე. „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ომში გადარჩენილებს ექვს თვეში შეწყალებას დაჰპირდა. არსებობს ყოფილი პატიმრების ომიდან შინ დაბრუნების მაგალითებიც. პრიგოჟინის მტკიცებით, მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის შემთხვევები ძალზე იშვიათია. თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.