„ჩეჩნური ავტოკოლონა“ საქართველოში საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, სულ მცირე, 7450 ლარით დაჯარიმდა

05-06-2023 14:27:05 საზოგადოება

სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეკ ახმეტხანოვის და გროზნოს ყოფილი მერის საავტომობილო კოლონაში შემავალმა ავტომობილებმა, საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობის წესები, სულ მცირე, 43-ჯერ დაარღვიეს. ვიდეოჯარიმების მოცულობა მინიმუმ, 7450 ლარს შეადგენს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია გადაღებული და სადაც ჩანს რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი სავარაუდოდ, „მერსედესის“ G-კლასის ავტომობილების კოლონა, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.

ყველა მათგანის ნომერში ფიგურირებს სამი შვიდიანი. მაგალითად: A777AC77, C777CE77, A777AK77 და O777OC77.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტალზე, სადაც საჯარიმო ქვითრები საჯაროდ ქვეყნდება, ჩანს, რომ ამ ოთხი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს 22 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ზუსტად 43 ჯარიმა აქვთ გამოწერილი.

აქედან ერთ-ერთი ავტომობილი სანომრე ნიშნებით A777AC77 სავარაუდოდ, ჩეჩენ ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვს ეკუთვნის. ასეთივე ავტომობილები იდენტური ნომრებით ასახულია ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამ–არხზე ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვის სახელით ერთი წლის წინ არის გამოქვეყნებული.

43 ჯარიმა - 7450 ლარი

  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AC77 - 10 დარღვევა უფიქსირდება; სავარაუდოდ, ეს ახმეტხანოვს ეკუთვნის;
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით C777CE77 - 8 ჯარიმა;
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AK77 - 9 ჯარიმა;
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით O777OC77 - 7 ჯარიმა
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით B800EC797 - 9 ჯარიმა;

ამ ავტომობილების ჯარიმების მოცულობა 7450 ლარს აღწევს:

  • A777AC77 - 1550 ლარი;
  • C777CE77 - 1650 ლარი;
  • A777AK77 - 1700 ლარი.
  • O777OC77 - 1100 ლარი
  • B800EC797 - 1450 ლარი

პირველი ჯარიმა დაფიქსირებულია 22 მაისს, ხოლო ბოლო ოთხი - 3 ივნისს.

ჯარიმები გამოწერილია საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევისათვის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის თბილისში, ხაშურთან, აგარასთან, ნიგოითთან (გურიაში), ლანჩხუთთან, ჯაპანასთან და შეკვეთილთან.

„ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ "საქართველოში იმყოფებოდნენ გროზნოს ყოფილი მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი მეგობრებთან ერთად“.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 5 ივნისს განაცხადა, რომ „ეს თემა არ არის, რომლითაც შეიძლება, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებში აღმოჩნდეს“.

„ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა არის ერთი თემა, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად და დივერსანტებად მათი მონათვლა, არასწორია. კადიროველი სხვა რამეა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე: მედიასა და სოცქსელებში „კადიროველების“ საქართველოში ჩამოსვლაზე იუწყებიან, დეპუტატი "ოცნებიდან" აღნიშნულს უარყოფს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები