
გიგიაძე: გვარამიას შეწყალება ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მინიმუმ, ორი რეკომენდაციის თვალსაზრისით
23/06/2023 13:04:40 კომენტარი
ქართველი დიპლომატი გიგი გიგიაძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას შეწყალება, დადებით დინამიკას მოახდენს ევროინტეგრაციის სრულ პროცესზე. საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 რეკომენდაციაზე, საიდანაც საქართველოს შესრულებულად მხოლოდ ორი ეთვლება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მინიმუმ, ორი რეკომენდაციის თვალსაზრისით დადებითი დინამიკის ჩვენებაზე. ეს არის მედიათავისუფლება და პოლარიზაციის შემცირება.
უკვე ვხედავთ, რომ ძალიან დადებითი შეფასებები ისმის ბრიუსელიდან. გვაქვს კარგი განცხადებები, რომლებიც კეთდება ევროპელი კოლეგების და პარტნიორების მხრიდან. ეს სრულ პროცესზე დადებით ზეგავლენას ახდენს“,– ამბობს გიგიაძე, თუმცა იქვე გვახსენებს, რო საქართველოს მთელი რიგი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი 10 სავალდებულო პირობის შესასრულებლად:
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შესასრულებელია, მათ შორის არის: დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი სასამართლო, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა პროცესში. საჭიროა საგნობრივი პროგრესის ჩვენება, რომ ისინი შესრულებულად ჩათვალოს ევროკავშირმა და წლის ბოლოს დადებითი გადაწყვეტილება მივიღოთ“.
იხილეთ ასევე: რა კონკრეტული ნაბიჯები დარჩა საქართველოს გადასადგმელი სტატუსის მოსაპოვებლად
22 ივლისს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.
ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, ერთზე საერთოდ არ აქვს პროგრესი. ეს უკანასკნელი მედიის პლურალიზმია.
"თქვენ იცით რაც მოგეთხოვებათ, ასე რომ გააკეთეთ... გააკეთეთ, ვინაიდან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. ამით ყველამ მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოს. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თუმცა ამისთვის საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ასე რომ ჩემი რეკომენდაცია მთავრობისთვის იქნება შემდეგი: დააჩქარეთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რათა ოქტომბერში გვქონდეს სრულად შესრულების ანგარიში საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე“, - თქვა ოლივერ ვარჰეიმ.
22 ივნისს, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. გადაწყვეტილებას საერთაორისო საზოგადოების მხრიდან დადებითი რეაქციები მოჰყვა.
იხილეთ ასევე: საერთაშორისო საზოგადოება – პრეზიდენტს: "მადლობა გამბედაობისთვის"
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021