
წინასწარ შერჩეული ინვესტორის პირობებში მოსკოვი სოხუმს აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით "გამჭვირვალე კონკურსს" ჰპირდება
05/07/2023 10:29:57 კონფლიქტები
მოსკოვის მტკიცებით, კერძო რუსი ინვესტორების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკით დაინტერესება არა იმდენად რუსული მხარის, რამდენადაც თავად აფხაზეთის ინმტერესებშია და მასში ინვესტირება, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სოხუმის აეროპორტის ფინქციონირებისათვის არის აუცილებელი.
ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტად მყოფმა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და "პრემიერ" ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"სოხუმის ეროპორტის აღდგენა - ეს არის სუპერამოცანა, რომელიც ასლან ბჟანიამ და რუსეთის ხელმძღვანელობამ დაგვისახეს. უახლოეს მომავალში უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე კონკურსი ინვესტორის მოსაზიდად. ვიმსჯელეთ იმის მნიშვნელობაზე, რომ შემუშავდეს მკაფიოდ, გასაგები შეთანხმების პროექტი ინვესტორისთვის გაწერილი ვალდებულებებით, მათ შორის - კონკრეტული სანქციების გათვალისწინებით. ამჟამად ამაზე აქტიურად ვმუშაობთ აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან, უახლოესი კვირების განმავლობაში ყველა შესაბამის მომენტს გავივლით და პროექტს სამთავრობოთაშორისო კომისიას წარვუდგენთ" - განაცხადა რეშეტნიკოვმა.
მოსკოვი კვლავინდებურად ირწმუნება, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.
"აფხაზური ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია აეროპორტის ამოქმედებაც. რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა არა მარტო კარგ გადაწყვეტად იქცევა სატრანსპორტო ამოცანებისა, არამედ აფხაზეთის ეკონომიკური პოტენციალის ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორადაც" - განაცხადა რეშეტნიკოვთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის ივნისში ხელი მოეწერა რუსულ-აფხაზურ შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების განახლების შესახებ. პროექტოის განხორციელებას 2024 წლისთვის გეგმავენ.
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ოკუპირებულ აფხაზეთში წინა ვიზიტის შედეგად ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორი რუსული სამრეწველო ჯგუფი "საბაზისო ელემენტია" - დასავლეთის მიერ სანქცირებულ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების ერთობა. მიუხედავად ამისა, რეშეტნიკოვი ირწმუნება, რომ ინვესტორის გამოსავლენად "გამჭვირვალე კონკურსი" ჩატარდება.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ სცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთის ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება, რადგან ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნებოდა. ICAO-მ აეროპორტის კოდის ანულირება მოახდინა და 2006 წლიდან თავისი დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.
იხილეთ ასევე: სოხუმის აეროპორტი რუსეთის სახელმწიფოსა და პუტინის ოლიგარქ დერიპასკას საკუთრებაში გადადის
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021