ჩინეთმა ევროპაში მიწოდებები თითქმის გააორმაგაა, მათ შორის - საქართველოს გავლით

26-07-2023 23:01:01 ეკონომიკა ,მსოფლიო

ჩინეთიდან ევროკავშირში გადაზიდვების მოცულობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს და გადის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, 2023 წლის პირველ ნახევარში 77%-ით გაიზარდა და 1,3 მილიონ ტონას მიაღწია,– ყაზახური მედიის ცნობით, ამგვარი მონაცემები დასახელდა ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ყაზახ გადამზიდავებთან და ექსპორტიორებთან შეხვედრაზე.

იანვარ-მარტის პერიოდში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 433,2 ათას ტონა იყო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 1,6-ჯერ აღემატებოდა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „შუა დერეფანი,“ ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს ტერიტორიაზე, შემდგომ კი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში გადის.

ივნისის ბოლოს ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულმა სარკინიგზო ოპერატორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მარშრუტის განვითარების დაჩქარების მიზნით, რომელიც გახდა ალტერნატივა ჩინური კომპანიებისთვის რუსეთის გავლით ტრანზიტისთვის.

ერთიანი ლოჯისტიკური კომპანია გაამარტივებს სატრანსპორტო პროცესებს დერეფანში და 10-15 დღით შეამცირებს ჩინური საქონლის ევროპულ ბაზრამდე მიტანის დროს, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ.

როგორც იუწყებიან, UTLC ERA-ს (რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის რკინიგზების ერთობლივი საწარმო) მიერ განხორციელებული გადაზიდვის მოცულობამ ომის პირველივე თვეებიდან მკვეთრად დაიწყო შემცირება. თუ იანვარში ეს იყო 57,827 TEU (20 ფუტიანი კონტეინერის ექვივალენტი), აპრილში იყო მხოლოდ 31,987 TEU.

იხილეთ ასევე: ჩინელმა და თურქმა დიპლომატებმა ანკარაში, მათ შორის, საქართველოზე გამავალ დერეფანზე ისაუბრეს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები