აქუბარდია: სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით "ოცნება" დუმილს ირჩევს და ამავდროულად, რუსული გავლენების გაძლიერებაზე მოსახლეობის წინააღმდეგობას "ქაჯობას" უწოდებს
28/07/2023 07:48:09 პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" დუმილს ირჩევს და ამავდროულად, რუსული გავლენების გაძლიერებაზე მოსახლეობის წინააღმდეგობას "ქაჯობას" უწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"მიუხედავად "ქართული ოცნების" კაპიტულანტური პოლიტიკისა, ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის გაგრძელების პროცესს იმით, რომ ხელი მოეწერა ე.წ. ხელშეკრულებას, რომლითაც სოხუმის აეროპორტი გადაეცა რუსეთს არამხოლოდ რეკონსტრუქციისთვის, არამედ საუბარია 10 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე და ეს არის ანექსიის მორიგი ფაქტი, რაზეც "ქართული ოცნება" კვლავ დუმილს ირჩევს ისევე, როგორც ეს მოხდა ბიჭვინთის შემთხვევაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ერთი წლის მანძილზე ამ პროცესს აკვირდებოდა, ინტერპელაციის კითხვების საპასუხოდ თქვა, რომ "იკაოსთან" მუშაობა მიმდინარეობს და საჭირო ნაბიჯებს დგამენ, მაგრამ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი განცხადება, რომ ეს ე.წ. ხელშეკრულება დაეგმოთ.
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უარს ამბობს არათუ მხოლოდ ნატო–სა და ევროკავშირის წევრობაზე, არამედ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საერთო ეროვნულ ინტერესზე, რომელიც მთელ საქართველოს აერთიანებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ აბარებს "ქართული ოცნება" ნაწილ-ნაწილ საქართველოს კრემლს და არათუ პოზიციას არ გამოთქვამს, არამედ "ქაჯობას" უწოდებს მოსახლეობის წინააღმდეგობას რუსული ოკუპაციასა და გავლენების გაძლიერებაზე. მე წერილობით მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს და მოვითხოვ, გაკეთდეს შესაბამისი, დამგმობი განცხადება ანექსიურ პროცესთან დაკავშირებით, ასევე, საჯარო მოწოდება სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის საკითხი იყოს სათანადო დონეზე პარტნიორების მხრიდან უზრუნველყოფილი", - განაცხადა აქუბარდიამ.
ამავე თემაზე: სოხუმის აეროპორტი რუსეთს გადაეცა.
გუშინ საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში სოჭიდან შემოვიდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი – Astoria Grande რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited-ის“ სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. მისი ცნობით, აღნიშნული საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. ხომალდის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ რუს ტურისტს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი, რადგან ბათუმში ჩამოსულმა განაცხადა, რომ ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთში.
ამავე თემაზე: სოჭიდან ბათუმში კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტი: "ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, რუსეთი ოკუპანტი არაა“.
27 ივლისს ბათუმის პორტში საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. პოლიციას ჯებირები ჰქონდა გავლებული და აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ ლაინერთან მიახლოების უფლებას.
'ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო: რასაც ვხედავთ, მათ შორის, დღეს რაც ვიხილეთ, არის უბრალოდ ქაჯობა და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-12 წლები, მათ შორის, 2008 წელი", -ასე შეაფასა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენები და ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკა.


