31-07-2023 15:28:03 საზოგადოება
სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერ Astoria Grande–ს ჩამოყოლილი რუსი ტურისტების ნაწილი აცხადებს, რომ "რუსეთი ოკუპანტი არაა".
რუს ტურისტებთან ინტერვიუ ტელეკომპანიებია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ჩაწერა.
როგორც ირკვევა, რუს ტურისტს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი. კერძოდ, ბათუმში ჩამოსულმა რუსეთის ერთ–ერთმა მოქალაქემ თავად განაცხადა, რომ "აფხაზეთში ბოლოს 5 წლის წინ იმყოფებოდა".
"ჩვენ რუსეთიდან ვართ, ნოვოსიბირსკიდან. საქართველო და რუსეთი კარგი მეგობრები არიან, აქ ვისვენებთ, საქართველო მოგვწონს, აქ კარგი ხალხია. ეს მხოლოდ მცირე ჯგუფები, ნაცისტები, რომლებსაც ომი უნდათ. ცუდი ადამიანები ყველგან არიან, ცუდი ერები არ არსებობენ, არსებობს ცუდი ხალხი. არ მგონია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებული იყოს. რუსეთში საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ. ხალხი აქ ჩამოდის და მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან. აფხაზეთი ვიცი, ოკუპირებული ტერიტორიები არ ვიცი. ჯერ სოჭია, მერე აფხაზეთი, მერე საქართველო. აფხაზეთი საქართველო არაა, არც რუსეთია. მე აფხაზეთში ნამყოფი ვარ, ხალხს ველაპარაკე, მათი აზრი მაინტერესებდა, ვართ თუ არა ოკუპანტები. მათ მითხრეს, რუსები კარგი ხალხი ხართ, ჩამოდით, აქ იცხოვრეთ, იმოგზაურეთო. დაახლოებით 5 წლის წინ ვიყავი ბოლოს აფხაზეთში, საზღვარზე", - აცხადებს, "ფორმულას" ცნობით, რუსი ტურისტი.
ცნობისთვის: 27 ივლისს ბათუმის პორტში საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერ Astoria Grande–ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. მოგვიანებით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხომალდზე მყოფი მგზავრების წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:
"ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო: რასაც ვხედავთ, მათ შორის, დღეს რაც ვიხილეთ, არის უბრალოდ ქაჯობა და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-12 წლები, მათ შორის, 2008 წელი".
აღსანიშნავია, რომ 27 ივლისს სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერით ჩამოსულ ერთ-ერთ რუს ტურისტს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში მიიღეს. როგორც ბათუმში ჩამოსულმა რუსეთის ერთ–ერთმა მოქალაქემ თავად განაცხადა, ოკუპირებულ აფხაზეთში ნამყოფი არის.
Astoria Grande ბათუმის პორტში დღესაც შევიდა, რომელსაც კვლავ პროტესტით დახვდნენ. დემონსტრანტები მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს. შსს–ს ცნობით, აქციაზე 23 პირი დააკავეს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.
საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.