
გარემოს ეროვნული სააგენტო: პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება – ფაქტობრივად გამორიცხული
04/08/2023 13:33:37 საზოგადოება
“კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები”, — ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე 3 აგვისტოს შოვში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე საუბრისას. კომენტარი გარემოს ეროვნული სააგენტოს “ფეისბუკის” გვერდზე გამოქვეყნდა.
ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, მსგავსი პროცესების შეფასება შესაძლებელია, თუმცა პროგნოზირება — “ფაქტობრივად გამორიცხული ამას ვერავინ იტყვის”.
“ვიმყოფებოდით სტიქიის ზონაში, ძალიან მასშტაბური სტიქიური მოვლენა განვითარდა -ტიპური გლაციალური ღვარცოფი; საკმაოდ დიდ მოცულობასთან გვაქვს საქმე. პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება როდის და რა დროს მოხდება ეს, ფაქტობრივად გამორიცხულია და ამას ვერავინ იტყვის.
მსგავსი ტიპის მოვლენა მრავალი ათწლეულია საქართველოში არ დაფიქსირებულა, საკმაოდ მასშტაბური სტიქიური მოვლენა იყო, ბევრად აღემატებოდა მოცულობით დევდორაკს, იგივე მესტია ჭალას. სამწუხაროდ, სახეზე მივიღეთ ასეთი შედეგი. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სამძებრო აქტი”,– ამბობს მეგრელიძე.
მისი თქმით, „ამ ეტაპზე, ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი მინიმალურია, რადგან დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი:
„თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართ არა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები“.
3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.
შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
იხილეთ ასევე: „მოკლე მეხსიერება გვაქვს!“: რა მოხდა შოვში სპელიალისტის ხედვით