01-09-2023 17:39:05 ევროპა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ტვიტერზე" ეხმაურება.
ევროკავშირის მაღალი რანგის პოლიტიკოსი წერს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა მიშელი იმ ვალდებულებებს ახსენებს, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყანამ უნდა შეასრულოს:
"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა. ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიული შესაძლებლობაა.
საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება",– წერს შარლ მიშელი.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იხილეთ ასევე: ევროპარლამენტარების ნაწილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გამო "შოკირებულია"
კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?