Accentnews.ge
არახამია: ივანიშვილი იანუკოვიჩის სცენარს ათამაშებს, ოღონდ პირიქით

არახამია: ივანიშვილი იანუკოვიჩის სცენარს ათამაშებს, ოღონდ პირიქით

01/09/2023 17:01:52 პოლიტიკა

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ივანიშვილი იანუკოვიჩის სცენარს ათამაშებს, ოღონდ პირიქით".

"საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით: რაკიღა ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე. ამ მიზნით სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების გადაწყვეტილება მომწიფდება თუ არა, იჭერენ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ჟურნალისტს, იღებენ რუსულ კანონს, აღადგენენ ფრენებს რუსეთთან. და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს. სავსებით ცხადია, რომ “ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს", – აცხადებს არახამია.

ცნობისთვის: 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ამავე თემაზე: რა შემთხვევაში ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად.

კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S