14-09-2023 08:10:13 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში. ამის შესახებ "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობა, საქართველოს ეხმარება, უკეთ მომზადდეს NATO–ში წევრობისთვის.
"შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა. აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს უნარიანობის მხარდაჭერას, შეაკავოს შემდგომი აგრესია და დაიცვას თავისი სუვერენული ტერიტორია, რაც საქართველოს ეხმარება უკეთ მომზადდეს NATO–ში წევრობისთვის.
საქართველო NATO–ს მიერ კლასიფიცირდება როგორც "გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი". ეს არის სპეციალური კატეგორია ალიანსის მხოლოდ ახლო პარტნიორებისთვის, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ NATO–ს ოპერაციებში და ალიანსის სხვა მიზნებში.
ჩვენ ახლახანს დავასრულეთ ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით "Agile Spirit" საქართველოსთან, რომელიც მიზნად ისახავს თავსებადობის, გამჭვირვალობის გაზრდას და საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად მომზადებას", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2 წლის წინ საქართველომ ქვეყანაში სამხედრო ბაზის აშენებაზე აშშ-ს უარი განუცხადა.
13 სექტემბერს საკითხს გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ტელეარხის მიერ გავრცელებულ ცნობას "სრული სიცრუე" უწოდა. მოგვიანებით, საქართველოში აშშ–ის საელჩომ უარყო მედიაში გავრცელებული ცნობა ამერიკული ბაზის შესახებ.
ამავე თემაზე: როგორ დაიცავს საქართველოს ამერიკული ბაზა – გენერლების არგუმენტები