გიულერი: თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას

19-09-2023 15:55:46 კავკასია

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

"თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას", - ციტირებს თურქ მინისტრს მედია.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინსტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ.

სტეპანაკერტში (აზერბაიჯანული სახელწოდება - ჰანკენდი) საჰაერო განგაშია გამოცხადებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა "მასირებული საარტილერიო ცეცხლის გახსნის" შესახებ განაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ იუწყება.

მისივე ინფორმაციით, "წინა ხაზზე და სიღრმეში მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები". ამასთან, ბაქოს მტკიცებით, "სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს - ნადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები".

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".

მანამდე ბაქომ ჭურვის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცეებით, ჭურვი "სომხეთის შეარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა აზრბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ტერორისტული მიზნით ჩადო".

იხილეთ ასევე: პუტინმა სომხეთის კონტექსტში თავი "სტრატეგიული პარტნიორის" დადანაშაულებით იმართლა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები