03-10-2023 14:47:03 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატულები“ არიან. ამის შესახებ მან კრემლის პროპაგანდისტულ მედიარესუსრს "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
„თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტს, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა, როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობაა. ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა ბჟანიამ.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთს ნორმალური, "კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან".
„თუ ქართული სახელმწიფო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაშინ სამომავლოდ ასევე განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს“, - დასძინა მან.
ოფიციალური თბილისის პოზიციაა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ამ განაცხადს მხარს უჭერენ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. თუმცა უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, მათ შორის, მმართველი გუნდის ჩართულობით გაჩაღდა ანტიდასავლური კამპანია და საზოგადოებისთვის შეთქმულების თეორიების შეთავაზება. მის ფარგლებში ერთ–ერთი პროპაგანდისტული გზავნილია, თითქოს "გლობალური ომის" პარტიას საქართველოს ომში "ჩათრევა" სურს. ამ პოზიციას ემიჯნება პრეზიდენტი.
იხილეთ ასევე: საქართველოს პრეზიდენტს ამჯერად კარასინი ესხმის თავს
იხილეთ ასევე: ვის უნდა ომი – მითები და რეალობა