
ბჟანია: რუსეთი აფხაზეთში მუდმივ საზღვაო ბაზას განათავსებს
05/10/2023 07:28:56 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონში – აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა განთავსდება. შესაბამისი "ხელშეკრულება" რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე გაფორმებულია, განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსულ პროპაგანდისტულ მედიარესურს „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.
„ჩვენი დღესასწაულის დღეს ["ომში გამარჯვებისა" და "დამოუკიდებლობის მოპოვების" წლისთავი – რედ.] ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ავედით ბორტზე - ძალიან თანამედროვე გემია, სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება ოჩამჩირის რაიონში“, - განაცხადა ბჟანიამ.
ამასთან, ბჟანიამ კვლავ გაიმეორა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატულები“ არიან.
„ჩემს წარმოდგენაში, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა (ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს, არა პრეზიდენტს) პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ამას ვაფიქსირებთ. მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბჟანიამ.
მან დასძინა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობა სათანადო ყურადღებას უთმობს შეიარაღებულ ძალებს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი იქ დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021