
ზელენსკი რუსეთს აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის განადგურებით დაემუქრა
24/10/2023 09:49:31 კონფლიქტები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეს რაიონში მისი ჯერ არშექმნილი სამხედრო-საზღვაო ბაზის განადგურებით დაემუქრა. შესაბამისი განცხადებები მან "ყირიმის პლატფორმის" სამიტის მსვლელობისას გააკეთა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკრაინამ აიძულა რუსეთი, ყირიმის მახლობლად მისი ფლოტის გადაადგილება შეეზღუდა" და ამას "ისტორიული შედეგი" უწოდა.
"ბევრისთვის ყირიმი იმის არგუმენტს წარმოადგენდა, რომ უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაცია შეუძლებელი იყო. შავ ზღვაზე რუსეთის კონტროლი და ოკუპანტის ფლოტის წარმოდგენილობა შავ ზღვაში რუსეთის დაუძლეველი დომინირების ილუზიას ქმნიდა. ახლა ეს ილუზიები იმსხვრევა. რუსეთის სამხედრო ფლოტს აღარ ძალუძს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირება და ნელ-ნელა გარბის ყიმიდან. ეს ისტორიული შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ყირიმსა და მიმდებარე წყლებზე სრული საცეცხლე კონტროლი ჯერ ვერ დაამყარა, რუსებისთვის იქ აღარცერთი უსაფრთხო ადგილი და შავი და აზოვის ზღვების მთელს სანაპიროზე არც ერთი დაცული ლოჯისტიკური მარშრუტი აღარ არსებობს" - განაცხადა ზელენსკიმ.
ამ კონტექსტში იგი გამოეხმაურა რუსეთის გეგმას ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეს რაიონში სამხედრო-საზღვაო ბაზის გაფართოებისა და ახლა უკვე მუდმივ საფუძველზე ამოქმედების შესახებ და მოსკოვს მისი განადგურებით დაემუქრა.
"რუსეთისა და აფხაზეთის მხარეები აკეთებენ განცხადებებს რუსული შავი ზღვის ფლოტის ნარჩენებისთვის ახალი, სრულფასოვანი ბაზის შექმნის შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში, რომელიც მაქსიმალურად იქნება მოშორებული უკრაინის რაკეტებსა და საზღვაო დრონებს, მინდა, ვუთხრა მათ, რომ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით" - განაცხადა ზელენსკიმ.
ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა