02-05-2024 12:23:20 ანალიზი ,რეკლამა
თანამედროვე ეკონომიკური უსაფრთხოების ზოგიერთ თავისებურებაზე
(მეორე ნაწილი)
ვიქტორ ყიფიანი
„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე
„დემოკრატიული ეკონომიკა“ - უსაფრთხოების ახალი კატეგორია
ერთი შეხედვით, „დემოკრატიული ეკონომიკა“ ალბათ უცნაურადაც ჟღერს. თუმცა ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთდამაკავშირებელი ფაქტორის გარდა, ჯანსაღი, სამართლიანი და თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების გარეშე პოლიტიკური სტაბილურობისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა პრაქტიკულად აღუსრულებელი ამოცანაა. ასეთია გლობალური პროცესების გაკვეთილი; ამავე გაკვეთილმა ჩვენ, ქართველებს, საჭირო სამსახური უნდა გაგვიწიოს სწორ ეკონომიკურ ფორმაციაზე საკუთარი უსაფრთხოების დასაშენებლად.
შესაბამისად, ზოგადად ეკონომიკისა და კონკრეტულად საბაზრო ეკონომიკის მიმართ „დემოკრატიულობის“ მოთხოვნის დათქმა შემთხვევითი არ არის. არაერთგზის აღინიშნა - აქ და სხვა პუბლიკაციებშიც - რომ მოქალაქეთა შემოსავლების კლება, სიღარიბე და თანამედროვე ზოგადკულტურული ცვლილებები მყარ საფუძველს ქმნის საზოგადოებაში უთანაბრობისა და საფრთხეების აღზევებისათვის. ამ მოვლენას კი გაასმაგებული რისკი ახლავს ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებშიც, პოლიტიკური დიალოგისა და ინსტიტუციური განვითარების დეფიციტის და, მით უმეტეს, არამეგობრული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ეროვნული უსაფრთხოება განსაკუთრებულად მოწყვლადია.
მოწყვლადობასთან დაკავშირებით აქვე დავძენთ, რომ ასეთ დროს ქვეყნის გამორჩეულად „სუსტ წერტილი“ მისი სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიაა. ამავე პროცესის ერთ-ერთ არასასიკეთო სიმპტომად მოქალაქეთა გაუცხოება, უიმედობა, ზოგან აგრესია, მთლიანობაში კი ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვა გვევლინება. სწორედ ნდობის დაკარგვის შედეგობრივი გაგრძელებაა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების კრიზისის ყველაზე ღრმა ფაზაში შესვლა. ასეთი კრიზისი შიდა თუ გარე დესტრუქციული ძალისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა წარმოქმნილი ნაპრალების „რბილი“ თუ „ხისტი ძალით“ გასაღრმავებლად და - ქაღალდზე თუ არა, ფაქტობრივად მაინც, სახელმწიფოებრიობის დასასრულებლად.
„ეკონომიკური მოდერნიზმის“ უცნაურობები...
...რომელთა შორისაა ისეთი პროცესი, როგორიცაა დისკუსია „ზრდის საწინააღმდეგო ეკონომიკაზე“ (degrowth economy), რაც „დავოსიზაციაზე“ არანაკლებ კონტრპროდუქტიულია, განსაკუთრებით - განვითარებადი ეკონომიკებისათვის.
აღნიშნული პროცესი, მოკლედ რომ შევაჯამოთ, მეტად კეთილშობილური მიზნის, გარემოს დაცვაზე ზრუნვის სახელით მიმდინარეობს. კერძოდ, მისი მესვეურები ამტკიცებენ, რომ საერთო შიდა პროდუქტის ზრდა პირდაპირ კავშირშია ნახშირბადის ემისიის ზრდასთან და, შესაბამისად, ინდივიდის სოციალურ ყოფასთან და მისი ცხოვრების ხარისხთან. ამდენად, „ეკონომიკური ზრდის მოწინააღმდეგენი“, საუბრობენ რა კლიმატის გაუარესებაზე, როგორც სოციალურ პრობლემაზე, იქვე მოითხოვენ მსოფლიოში ეკონომიკური და სოციალური წესრიგის გადაწყობას. იმავდროულად, საგანგებოდ აღინიშნება „მდიდარი ჩრდილოეთის“ მიმართება „ღარიბ სამხრეთთან“ და გლობალური უსაფრთხოების მხრივ ამ „უთანასწორობით“ გამოწვეული რისკები.
ეს ტენდენცია თუ მიდგომა სათავეს რომის კლუბის 1972 წლის ანგარიშში იღებს, რომელშიც ეკონომიკური ზრდისა და საამისო რესურსების საკმარისობის კორელაციასთან ერთად საუბარი იყო „საფრთხეზე“, რომ ერთი ან რამდენიმე თაობის განმავლობაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა მომავალი თაობების სოციალურ მდგომარეობაზე არასახარბიელოდ იმოქმედებდა. ამ ანგარიშის დედააზრი კი ის იყო, რომ უსასრულო ზრდა ლიმიტირებული რესურსების ფარგლებში შეუძლებელია და საშიშიც. უკონტროლო „ზრდის საწინააღმდეგო ეკონომიკის“ თუ მისი ანალოგების იდეოლოგიური სარჩული ძნელად იკვეთება და მისი დიაპაზონი „მწვანეებიდან“ დაწყებული „სოციალისტებამდეა“ გადაჭიმული.
თუმცა მეინსტრიმული ეკონომიკური აზრის მთავარი მამოძრავებელი მაინც შემდეგია:
(ა) სახელმწიფო რეგულირებასა და საბაზრო თვითრეგულირებას შორის სწორი ბალანსი;
(ბ) „სამომხმარებლო კულტურის“ პირობებში თავისუფალი სივრცეების პოვნა, და
(გ) სახელმწიფოსა და საზოგადოებას, ისე როგორც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ახალი სოციალური კონტრაქტი.
სხვაგვარად, ღიაობისა და სოციალური ანგარიშვალდებულებაზე, თანამშრომლობასა და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკის გარეშე, სახელმწიფოებრივი წინსვლაც მუდმივი რყევებისა და კატაკლიზმების წნეხში მოექცევა, ხოლო რეალური განვითარების დღის წესრიგის აღსრულება შეუძლებელი გახდება.
მეტიც, ეს და სხვა კონცეფციები პირდაპირ თუ ირიბად მიუთითებენ სოციალური თანაბრობის დარღვევის შედეგად მოჭარბებულ საფრთხეებზე, რაც არამარტო კონკრეტული ქვეყნების შიგნით, არამედ გლობალური მასშტაბით უსაფრთხოებასაც ემუქრება.
ქართული ქეისის პრიორიტეტულობის შესახებ
ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესში კრიზისის წყარო ორგვაროვანი შეიძლება იყოს: ის შეიძლება თანდათანობით მომდინარეობდეს საკუთრივ სისტემის წიაღიდან ან ამ სისტემის მოშლის შედეგს წარმოადგენდეს. საქართველოს პირობებში ერთიც და მეორეც თანაბრად მძიმე შედეგის მომტანია, თუმცა გარკვეული განსხვავება აქაც არის: სისტემის შიგნით განვითარებული კრიზისის შეკავება, პრინციპში, შესაძლებელია, ხოლო თვით სისტემის მოშლა, მისი ეროზია, შეიძლება იმდენად სწრაფად განვითარდეს, რომ კოლაფსი პრაქტიკულად გარდაუვალი შეიქნას.
მოწყვლადი და გაუმართავი სისტემისათვის დამახასიათებელი ეს საფრთხე - საკუთრივ სისტემის მოშლა - აუცილებლად გასათვალისწინებელია, როგორც ზოგადად ეროვნული უსაფრთხოების, ისე მისი ძირითადი მდგენელის - ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასებისას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქმედითი ქართული ეკონომიკური უსაფრთხოების სტრუქტურირების კონტექსტში რამდენიმე წინარე მოსაზრებას მოვუყრით თავს. ცხადია, რომ თითოეული მათგანი პროფესიული წრეების მიერ შემდგომ დამუშავებას საჭიროებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ამ და სხვა ზომებზე მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და თვითკმარობის, მისი კონკურენტუნარიანობის განმტკიცების მიზნით. კერძოდ, საგანგებო რესურსი უნდა იქნეს მიმართული:
თანამედროვე მსოფლიოში მზარდი ეკონომიკური ნაციონალიზმისა და მიკერძოებულობის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა ვიზრუნოთ:
ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებთან ერთად, ვფიქრობთ, დღის წესრიგში აუცილებლად უნდა იდგეს ისეთი საკითხები, როგორებიც არის:
გასული საუკუნე, პრაქტიკულად, გაუთავებელი ჭიდილია დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. დღეს ამ დაპირისპირებამ ახალი ძალა შეიძინა და ახლებურ ფორმებსა და მეთოდებში გარდაისახა. ამ და სხვა გარემოებათა გამო, ქართული სახელმწიფოს განახლებაც მისი „საპროექტო სახელმწიფოდ“ გარდაქმნაში უნდა გამოიხატოს - იზრუნოს საზოგადოების ტრანსფორმაციაზე, წინ წაუძღვეს საკუთარ მოქალაქეებს განვითარების დღის წესრიგის აღსრულებისათვის და არა უბრალოდ მართოს თავისი საზოგადოება და მოქალაქეები.
პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე: https://accentnews.ge/ka/article/111939-tanamedrove-ekonomikuri-usaprtxoebis-zogiert-tavis