"გაკვეთილი მეზობლებისთვისაც": რას ამბობს სტრატეგიული პარტნიორის "დუმილი"

05-06-2024 18:35:40 ინტერვიუ ,ანალიზი

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციის მხარდამჭერ სახელმწიფოთა რაოდენობა 2008 წლიდან მოყოლებული სტაბილურად იზრდება. წელს მათ შორის პირველად აღმოჩნდნენ სომხეთი, სამხრეთ აფრიკა და არგენტინაც, მაგრამ არა ჩინეთი, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად ჰყავს გამოცხადებული 2023 წლიდან – ჩინეთმა კვლავ თავი შეიკავა. „მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიციაო“, - თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ და ასევე განაცხადა, რომ პეკინი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ამ შემთხვევაში“ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არასავალდებულო ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავშეკავება „მხარდაჭერის ტოლფასად“ შემოგვთავაზა. ცხადია, ჩინეთთან პარტნიორული კავშირების საჭიროებაზე არავინ დავობს, არც პეკინის ნეიტრალური პოზიცია იწვევს პროცესებზე, მათ შორის, ჩინეთის პოლიტიკაზე დამკვირვებელთა გაკვირვებას, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სახელისუფლებო პროპაგანდა სწორედ ჩინეთს გვთავაზობს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ტრადიციულ მოკავშირეებს, მათ შორის #1 სტრატეგიულ პარტნიორ აშშ–ს „გლობალური ომის პარტიაში“ აერთიანებს და შეთქმულების თეორიებით, ცრუ დილემებით ცდილობს საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედებას, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, არის კი ამგვარი ნეიტრალური პოზიცია „გამარჯვების“ ტოლფასი ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის?

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე გვთავაზობს, განვასხვაოთ ერთმანეთისგან „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხი აშშ–სთან და ჩინეთთან“ და გვახსენებს, რომ ამ უკანასკნელთან ჩვენი პარტნიორობის ხარისხი „არის ძალიან დაბალი“. სწორედ აქედან გამომდინარე, მისი ხედვით, „სრულიად ნორმალურია, მისი ნეიტრალური პოზიცია და რომ „თავის დროზე ჩინეთისგან ამ პოზიციის მიღება გამარჯვების ტოლფასი იყო“.

ის განმარტავს, რომ საქართველო ჩინეთისთვის იმ დონის პარტნიორი არაა, „რაღაც რადიკალური ნაბიჯები გადადგას“ და რუსეთთან მის მეგობრულ პოლიტიკას ავნოს.

„ეს გამორიცხულია“,– ხაზს უსვამს „აქცენტთან“ დიპლომატი და განაგრძობს, „ჩვენ მოვხვდით ჩინეთის ინტერესების სფეროში (ეს ინტერესებიც ზედაპირულია) იმიტომ, რომ ვართ ძირითადი სახმელეთო გზის (რომელიც რუსეთზე გადის) „ბექაფის“ (რომელიც პაკისტანზე გადის) „ბექაფი“ – ჩვენს მიმართ ინტერესიც შესაბამისია. რა რაოდენობის ტვირთმა უნდა გაიაროს ჩვენზე? ამბობენ, „მილიონამდე ავალთ წელიწადშიო“. მინდა, იცოდეთ, რომ ტიანძინის, შანხაის, ჰონგ–კონგის პორტები დღეში მილიონ ტონა ტვირთბრუნვას ახორციელებენ. წარმოგიდგენიათ ჩვენ რა დონეზე ვართ მათთვის?! რა პარტნიორობაზეა ლაპარაკი?! ეს არის მცირე ინტერესის სფერო ჩინეთის მხრიდან, რომ რაღაც დამატებითმა გზამ გაიაროს ჩვენი მიმართულებით. მერწმუნეთ, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არა ჩინურ ტვირთებს, არამედ ცენტრალური აზიის, განსაკუთრებით მარცვლეულის ტვირთებს ექნება“.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრ, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილისთვის სწორედ კონტექსტის გათვალისწინებით არის მიუღებელი ჩინეთის პოზიციონირება და იხსენებს, რომ ეს არაა პირველი მსგავსი შემთხვევა: „გასულ წელს, როგორც კი დაიწყო ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე ლაპარაკი, მალევე გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ხუთმა თუ ექვსმა საქართველოს სასარგებლო განცხადება გააკეთა, თუმცა ჩინეთი არ მიუერთდა“.

ზაქარეიშვილი თვალსაჩინოებისთვის „აქცენტთან“ კონკრეტული ქვეყნების გადაწყვეტილებებთან ავლებს პარალელს:

  • „თურქეთი ასევე ცდილობს, რუსეთთან ჰქონდეს ფრთხილი, პარტნიორული დამოკიდებულება, მაგრამ ხმა მისცა ამ რეზოლუციას;
  • სომხეთი მოიქცა სტრატეგიული მეგობრის ფორმატში – მანამდე თუ თავს იკავებდა, ახლა მკაფიოდ მისცა ხმა. დარწმუნებული ვარ, რუსეთში არ გაუხარდებოდათ სომხეთის ამგვარი ქცევა, არადა სომხეთი გაცილებით მეტადაა დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ჩინეთი. პირიქით, რუსეთია ჩინეთზე დამოკიდებული;
  • ჩინეთისგან განსხვავებით, ისრაელს ნამდვილად სჭირდება რუსეთთან კარგი ურთიერთობები, რადგან რუსეთი აკავებს ირანს ისრაელის წინააღმდეგ სირიაში, ლიბიაშიც. მას არ სურს, გააღიზიანოს რუსეთი და ამ შემთხვევაში მისი პოზიცია [თავს იკავებს რეზოლუციის მხარდაჭერისგან] გასაგებია;
  • მაგალითად, ირანს [თავი შეიკავა] შეეძლო, წინააღმდეგ მიეცა ხმა რუსეთის მოთხოვნით, რადგან მთლიანად მასზეა დამოკიდებული. რაც შეიძლება მოვუწონოთ ირანს, შეუძლებელია, მოვუწონოთ ჩინეთს! ირანს არ სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭება, რადგან მაინც სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფოა რეგიონში და აქ თავისი ინტერესები გააჩნია ვაჭრობის, დერეფნების, ურთიერთობების კუთხით – იგივე აზერბაიჯანის, ირან–თურქეთის კონტექსტში საქართველო ერთ–ერთი ფიგურანტია. ირანს არ სჭირდება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან რუსეთის გამო გაიფუჭოს ურთიერთობები. ის მუდმივად ცდილობს ბალანსის დაჭერას, ამაზე ფიქრობს და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც იღებს“.

აი, რუსეთ–ჩინეთის პარტნიორობაში კი, ზაქარეიშვილის ანალიზის მიხედვით, „უფროსი ძმა“ სწორედ ჩინეთია და რუსეთს „სჭირდება მასთან კარგი ურთიერთობები“. ის დარწმუნებულია, რომ „ახალი კონტექსტიდან გამომდინარე“ რეზოლუციისთვის ხმის მიცემის შემთხვევაში რუსეთი, ჩინეთზე მისი მზარდი დამოკიდებულების გათვალისწინებით, რეაგირებას ვერ მოახდენდა, ხოლო ჩინეთს პოზიტიურად წარმოაჩენდა ადგილობრივ დონეზე:

„საქართველოში ისედაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა და ამ მოქმედებამ კიდევ უფრო გააძლიერა ანტიჩინური განწყობები. მაგრამ ეს აჩვენებს მის დამოკიდებულებას – როდესაც საქართველომ ამდენი რამ დათმო, რათა ორიენტაცია შეეცვალა, აეღო ევრაზიული ღერძი და ამერიკისა და ევროკავშირის ხარჯზე ჩინეთთან გააუმჯობესა ურთიერთობები, ეს ხმა ჩინეთს არაფერს დააკარგვინებდა, მაგრამ ამის ღირსად არ ჩაგვთვალა!“.

ამდენად, პეკინის გადაწყვეტილება მისთვის ლუსტრაციაა ქართულ–ჩინური სტრატეგიულად გამოცხადებული ურთიერთობებისადმი ჩინეთის დამოკიდებულების:

„სანაცვლოდ კი სომხეთმაც, აზერბაიჯანმაც დაინახეს, რომ ჩინეთისთვის კავკასიაში რუსეთის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან“.

იხილეთ ასევე: მოსკოვის მადაზე ზემოქმედების პეკინის მოიმედეთა ილუზიები

ამ კონტექსტშივე იხსენებს დასავლელი პარტნიორების საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ არაღიარების კუთხით, ინტერესდება ამ მიმართულებით ჩინეთის მხარდამჭერი აქტივობებით:

იხილეთ ასევე: ომი კულისებში: ვისი დახმარებით მოუგო თბილისმა არაღიარებისთვის ბრძოლა მოსკოვს და არის რისკის ქვეშ ეს შედეგი?

„ჩინეთი რას აკეთებს? ერთი მაგალითი მაინც მოიყვანონ, რომ ჩინეთს (მას ძალიან დიდი გავლენები აქვს ინდოჩინეთში) ვინმესთან ემუშავა არაღიარების მიმართულებით. ეს არ ხდება! ამ ფონზეც ჩინეთის ეს გადაწყვეტილება ძალიან ნიშანდობლივია – ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, ვინ არის შენი სტრატეგიული პარტნიორი და ვინ არა. ცხადია, მასთან საჭიროა პარტნიორობა, მუშაობა, ვაჭრობა, მაგრამ არა სტარტეგიულობა, როდესაც ის ვერ ხედავს შენში ამგვარ პარტნიორს“.

ამრიგად, კონფლიქტოლოგი შემაჯამებლად დასძენს, რომ პეკინმა „ძალიან სწორ გზაზე წაიბორძიკა“ და რომ „ეს მკაფიო შეტყობინებაა ქართული საზოგადოებისთვის“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები