"არჩევნების შემდეგაც ძალიან ძნელი იქნება ევროკავშირის დახმარების ამჟამინდელი დონის აღდგენა" – რას ნიშნავს ბორელის გაფრთხილება

24-06-2024 16:58:33 კომენტარი

27 ივნისს ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება, მანამდე კი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა:

იხილეთ ასევე: საქართველოს 10 სამთავრობო უწყება, რომელმაც ევროკავშირისგან ყველაზე დიდი ოდენობის დაფინანსება მიიღო

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არ არის „ჰაერზე გაკეთებული განცხადებები“.

„კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის ძალიან ბევრი ინსტიტუტის წარმომადგენელი საუბრობდა ანალოგიურ შესაძლებლობებზე, ამასთან რიგი წევრი ქვეყნის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ მაგალითად, დროებით შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, ვიდრე საქართველო წესრიგში არ მოიყვანს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და მთლიანად რეჟიმს“,– ამბობს გოგოლაშვილი თემის კომენტირებისას.

რაც შეეხება მოსალოდნელ გადაწყვეტილებებს, მისი ხედვით, „სრულიად შესაძლებელია, რომ ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლა დროებით შეაჩეროს, რადგან ამისთვის უბრალო უმრავლესობაა (14 ხმა) საჭირო. გარდა ამისა, სრულიად მოსალოდნელია, შეიკვეცოს დახმარება საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც მიმართულია ჩვენი ბიუჯეტის მხარდაჭერაზე – სახელმწიფო და სამთავრობო პროგრამების დაფინანსებაზე და თანადაფინანსებაზე, რაშიც როგორც ვიცით, აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირი – მისი დახმარების 90% მიემართება სწორედ სამთავრობო პროგრამების და პროექტების, ასევე სხვადასხვა სახის საბიუჯეტო დახმარებებზე. თავისთავად, ინდივიდუალური სანქციებიც იქნება განხილული“.

ამავდროულად, ის ამ ეტაპზე „შედარებით რბილ ზომებს“ მოელის და ფიქრობს, რომ ბევრ რამეს გადაწყვეტს არჩევნების შედეგები:

„რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამ ეტაპზე მაინც შეეცდება, გამაფრთხილებელი ზომები მიიღოს, რადგან წინ არის არჩევნები, ევროკავშირი დააკვირდება, როგორ ჩატარდება ის და მეორე – რა კონფიგურაციის ხელისუფლებას მივიღებთ. თუ მივიღებთ კვლავ ევროსკეპტიკურ ხელისუფლებას, რომელიც მიმართულია მხოლოდ იქითკენ, რომ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის ნაცვლად უკუსვლას უწყობს ხელს, რა თქმა უნდა, სანქციების სრული პაკეტი ამოქმედდება ყველა მიმართულებით.

უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის შეღავათები დაკავშირებულია იმასთან, რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა მის სტანდარტებს. იგივე უვიზო მიმოსვლას უამრავი რეფორმა დასჭირდა. და თუ ეს რეფორმები უკან ბრუნდება, ამგვარ სიტუაციაში ევროკავშირი ვერ დაგვიტოვებს იმ სიკეთეებს, რომელიც განსაზღვრულია სხვა ტიპის ქვეყნისთვის – ქვეყნისთვის, სადაც ადამიანის უფლებებს მეტ ყურადღებას აქცევენ, მეტად სცემენ პატივს“.

ის მოელის, რომ საქართველოსთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარება გადანაწილდება სომხეთზე (რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტები კმაყოფილები არიან)და ასევე გადამისამართდება სხვა ქვეყნებზეც, „არჩევნების შემდეგაც კი ძალიან ძნელი იქნება იმ დონის დახმარების აღდგენა, ყოველ შემთხვევაში 2027 წლამდე, როდესაც ახალი ბიუჯეტი დამტკიცდება“.

გოგოლაშვილი ხაზს უსვამს, რომ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ორთვიან მასშტაბურ პროტესტს უშედეგოდ არ ჩაუვლია: ევროკავშირი ხედავს, რომ ძლიერია საზოგადოების სწრაფვა და შეიძლება მხოლოდ ამის გამო „ბევრად შეარბილონ ამ ეტაპზე ზომები. მაგრამ დაელოდებიან არჩევნებს და თუ საზოგადოება ირჩევს ხელისუფლებას, რომელიც არ სცემს პატივს პარტნიორებს, არ არის თავსებადი მისი გადაწყვეტილებებით ევროკავშირთან, მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები