თორნტონი განმარტავს, რატომ გახშირდა ბოლო პერიოდში აშშ–ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენები

02-08-2024 16:08:45 პოლიტიკა ,კომენტარი

გერმანიის მარშალის ფონდის "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ბოლო პერიოდში აშშ–ის კონგრესში საქართველოს შესახებ გახშირებულ მოსმენებს ეხმიანება.

"აშშ საქართველოს განიხილავს გლობალური ტენდენციების უფრო ფართო კონტექსტში – ვგულისმობ დემოკრატიის უკუსვლას, მზარდ ილიბერალიზმს, კრემლისკენ გადახრას. არსებობს გარდამტეხი მომენტი აღმოსავლეთ საზღვარზე, სადაც მნიშვნელოვანი არჩევნებია მოლდოვაში და საქართველოში, ხოლო სომხეთი გარდამტეხ ეტაპზეა. სამივე ქვეყანა რუსეთის მასიური გავლენის ოპერაციების სამიზნეა. დომინოს ეფექტის შიშით, ბუნებრივია, კონგრესი შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების უფრო ფართო გავლენით რეგიონულ უსაფრთხოებაზე", – განაცხადა მან "აქცენტთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "აგენტების კანონის" ინიცირებისა და მიღების შემდეგ კონგრესში მოკლე ინტერვალით საქართველოს შესახებ რამდენიმე მოსმენა გაიმართა.

ერთ–ერთი მოსმენა 23 ივლისს გაიმართა. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი სიტყვით გამოვიდა კონგრესში. როგორც მან აღნიშნა, "მუშაობენ დამატებით ნაბიჯებზე, მათ შორის, დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებაზე ან შეჩერებაზე და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებაზე".

ზუსტად ერთ კვირაში კონგრესში საქართველოს შესახებ კიდევ ერთი მოსმენა ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ "აგენტების კანონის" მიღების გამო აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა მიმდინარეობს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა "ქართულ ოცნებას" "უკან დასაბრუნებელი გზა" შესთავაზა.

კონგრესში გამართულ მოსმენებზე ამერიკელი პოლიტკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" ტრადიცულად "უსამართლო შეფასებებს" უწოდებენ.

ამავე თემაზე: კობახიძე – ო'ბრაიენის განცხადებაზე: არ არის სწორი შანტაჟის ენით საუბარი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები