
ეკლესიის პოზიციისგან განსხვავებით, დეპუტატი "ოცნებიდან" ირწმუნება, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას არ ეხება
29/08/2024 08:43:14 პოლიტიკა
ეკლესიის პოზიციისგან განსხვავებით, დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას არ ეხება.
„გახსოვთ თქვენ, როდესაც პოლიტსაბჭომ გაასაჯაროვა ტექსტი და იქ ჩამოთვლილი იყო პუნქტები თუ რატომ ვთხოვთ ჩვენს ამომრჩეველს კონსტიტუციურ უმრავლესობას, იქ იყო მეოთხე პუნქტი, რომელზეც ვთქვით, რომ ჯერ–ჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები და იქიდან გამომდინარე რა შეთანხმება იქნება, ამის შემდეგ უკვე საზოგადოებას ეცნობება. ეს კონსულტაციები გრძელდება, თუმცა საუბარი შეეხება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციების განმტკიცებას, მისი როლის სათანადოდ და სრულფასოვნად აღიარებას საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხის, ჩვენი ყოფადობის წინაშე და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არამც და არამც ეს კონსულტაციები არანაირი ფორმით არ გამოიწვევს, თუ კი გადაწყვეტილება შეჯერდება და იქნება მიღებული, რაიმე ფორმითაც კი არ გამოიწვევს ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას“, - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მიქანაძემ.
ამასთან, იგი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება "ეკლესიაზე თავდასხმების" გამო შესთავაზა:
"მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებლური ეკლესია არის სრულიად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე და ხდება ეკლესიაზე და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა. ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთხელ ასეთი ფაქტი განხორციელდა ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო კონსულტაციები საპატრიარქოსთან იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში, გამყარდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არამც და არამც ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას".
მიქანაძისგან განსხვავებით, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე განმარტავს, რომ "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება გულისხმობს ურთიერთდაქვემდებარებას, რაც მიუღებელია ეკლესიისთვის".
- "საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ის პრაქტიკა, რაც გულისხმობს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, გარკვეულ რისკებს შეიცავს და ამიტომ, ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის", – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.