
მაჭარაშვილი – მეუფე ნიკოლოზზე: გულდასაწყვეტია, რომ გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერების თაობაზე
30/08/2024 08:57:20 ციტატა
„გუშინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნულ საკითხს წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგები შეთავაზება უწოდა და თემაზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან ეს ჰგავდა ერთგვარ მესიჯს, რომელიც მან რადიკალურ ოპოზიციას გაუგზავნა და ასეც მოხდა - ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხისადმი მეუფის აგდებული დამოკიდებულება მყისვე აიტაცეს ნაცმოძრაობის წევრებმა და კიდევ უფრო განავრცეს ქილიკი თემაზე. ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში. გულდასაწყვეტია, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებას დასცინის მაღალი სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც პირიქით, ყველაფერს უნდა აკეთებდეს დედა ეკლესიის გასაძლიერებლად", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამავე თემაზე: მიტროპოლიტი – "ოცნების წინადადებაზე: „ვინც არ უნდა შეფუთოს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა“
ანდრია ჯაღმაიძე: შეთანხმებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება.