31-10-2024 16:52:11 პოლიტიკა ,საზოგადოება ,სამართალი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით მათი საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში დღეს, 18:00 საათიდან დაიწყება.
"საიამ უკვე წარუდგინა კომისიებს საჩივრები, რომლითაც ითხოვს იმ 2 263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც პროცესი ტექნოლოგიური საშუალებებით ჩატარდა.
ჩვენი იურისტები მზად არიან მტკიცებულებებითა და არგუმენტებით დაამტკიცონ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა.
პირველ ეტაპზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში ვიდავებთ, ხოლო შემდეგ საქმე საერთო სასამართლოებში გადავა. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე". - იტყობინება საია.
30 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი 3 111-დან) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საკითხი OSCE/ODIHR-ის ანგარიშშიც მოხვდა: "დაკვირვების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული/დარღვეული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების მოთავსების ფორმით, ან 7%-ში საარჩევნო უბნის მოწყობის, მაგიდების განლაგების გამო".
31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ცესკო-ს ხელმძღვანელი პირები სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.