
ევროკომისიაში პაპუაშვილს პასუხობენ
01/11/2024 18:14:43 პოლიტიკა
ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეს–კონფერენცია გამართა და მათ შორის, ხსენებულ დოკუმენტზე ისაუბრა.
"ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს", – ამ სიტყვებით დაიწყო მან საუბარი დოკუმენტზე, რომელშიც ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს, თუ ქვეყანა კურსს არ შეიცვლის და დემოკრატიული განვითარების გზას არ დაუბრუნდება.
ამის შემდეგ პაპუაშვილი შეეცადა, ანგარიშში ასახული ჩანაწერის – "საქართველოს [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია" საწინააღდეგოდ ემტკიცებინა, თითქოს ეს პროცესი არ შეჩერებულა.
"თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფასა და რეკომენდაციები მოგვცა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი [ ევროინტეგრაციის შეჩერება, გაყინვა] უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა", – ირწმუნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე.
"აქცენტი" დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს არგუმენტი და ევროკომისიას შესაბამისი კითხვით მიმართა.
ევროკომისიის პრეს–სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია".
ამასთან, მან მიუთითა თურქეთის მაგალითზე, რომელსაც გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიშიც ფარავს, თუმცა აღნიშნა, რომ "საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაწევრიანების მოლაპარაკებები ქვეყანასთან ჩიხშია 2018 წლიდან".
"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყოლია ხელისუფლების მხრიდან საკმარისი პოლიტიკური ვალდებულება საჭირო რეფორმების განსახორციელებლად. პირიქით, იყო მნიშვნელოვანი ნეგატიური მოვლენები, როგორიცაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტი მიღება. შედეგად, გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა. ეს კანონები უნდა გაუქმდეს. ამასთან, 9 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მხოლოდ მცირე პროგრესი აქვს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიაზე, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების სათანადოდ გამოძიება და განახორციელოს რეფორმები კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, ელიტური კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოლიგარქიული გავლენის აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაწევრიანების მოლაპარაკებები ჩიხშია 2018 წლიდან", – განუცხადა "აქცენტს" ევროკომისიის პრეს–სპიკერმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021