"ხელებაწეული ვიდექი, დამიჭირა რამდენიმე სპეცრაზმელმა - გამათრიეს, მირტყეს" - კიდევ ერთი ნაცემი დემონსტრანტის ამბავი

06-12-2024 16:44:25 საზოგადოება ,ინტერვიუ

ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს, 6 დეკემბერს დატოვა თბილისში, პროევროპულ აქციაზე 29 ნოემბერს დაკავებულმა ახალგაზრდა კაცმა - ბესიკ ლიპარტელიანმა.

მსგავსად დემონსტრაციაზე დაკავებული და დაშავებული არაერთი დემონსტრანტისა, "აქცენტთან" ისიც საპოლიციო ძალების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე საუბრობს, რომელიც, მისი მონათხრობის მიხედვით, რამდენიმე ეპიზოდად განხორციელდა.

„29 ნოემბერს, დაახლოებით, 04:00 საათისთვის მივედი აქციაზე... ვიღაც პატარა ბიჭს სცემდნენ... როდესაც ვუთხარი, „რატომ სცემთ-მეთქი?“,- მეც შემითრიეს სპეცრაზმელებმა... მაგრად მცემეს, მაგრამ რატომღაც, გამომიშვეს (სატელევიზიო კადრებშიც მოხვდა ეს ეპიზოდი - დაახლოებით, 04:15 წუთია). ეს იყო პირველი ეპიზოდი“,- იხსენებს „აქცენტთან“ ახალგაზრდა კაცი.

მას არ დაუტოვებია რუსთაველის გამზირი, სადაც უკვე დაძაბული იყო ვითარება, თუმცა შემდეგი ეპიზოდები მასთან მიმართებაში ვითარდება გამთენიისას - დაახლოებით 06:20 წუთიდან. მის მონათხრობში საპოლიციო ძალების მოტივაციის კონტექსტში იკვეთება რამდენიმე ნიშანდობლოვი გარემოება:

  • იდეოლოგიზირება;
  • მას სავარაუდოდ, იცნობდნენ.

ინფორმაციისთვის: საგულისხმოა, რომ არაერთი მოქალაქე მიუთითებდა სხვადასხვა აქციების დროს საპოლიციო ძალების მხრიდან მათთვის ფოტოების გადაღების პრაქტიკაზე.

„შემოცვივდნენ... ამ ცემის დროს ფეხსაცმელი დამეხა და ვერ გავიქეცი... ხელებაწეული ვიდექი... დამიჭირა რამდენიმე სპეცრაზმელმა... [საავტომობილო] გზაზეც კი არ ვიდექი - რუსთაველის თეატრის ფოიედან გამათრიეს, მირტყამდნენ, საშინელი სიტყვებით მაგინებდნენ, „ამ პიდარასტებთან რა გინდა“, „ნაბი...რო“, იყო დედის მისამართით გინება... ძირითადად მირტყამდნენ თავის არეში და გვერდებში... როგორც შემეძლო, ვიფარებდი ხელებს.

მიმიყვანეს სპეცრაზმის მანქანასთან. გზად ტელეფონი და ქურთუკი დავკარგე და დაბრუნება მოვითხოვე. ამ მოთხოვნაზე კიდევ დამიმატეს... შემდეგ მე და კიდევ ერთი შეგვავგდეს მანქანაში - ერთი სამჯერ შემობრუნდნენ და გვირტყამდნენ...

შემდეგ ტელეფონი რომ მოიტანეს, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა თავში ჩამარტყა რამდენჯერმე, „რამდენჯერ უნდა დაგიჭიროთ და გცემოთო?“,- იხსენებს ახალგაზრდა კაცი.

მანამდე ბესიკ ლიპარტელიანი 19 ნოემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტისას დააკავეს, როდესაც მისი მონათხრობის მიხედვით, ასევე ახალგაზრდა კაცის - 21 წლის მათე დევიძის დაცვას ცდილობდა. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი 21 ნოემბერს დატოვა, ხოლო სასამართლო პროცესი 9 დეკემბრისთვის აქვს ჩანიშნული.

„მაშინ რომ მცემეს და დამიჭირეს, მიცნობდნენ ალბათ“,- ვარაუდობს ბესიკი და განაგრძობს თხრობას:

„დაახლოებითორი საათი გვატარებდნენ წინ და უკან (არ ვიცი, სად დავდიოდით, რადგან მანქანას ფანჯრები არ აქვს), რომ გადავეცით პოლიციელებისთვის, რომლებიც დაკავების ოქმს შეადგენდნენ, მაგრამ ვერ მოძებნეს... მანქანიდან რომ გადმოვედით, ჩიტაძის ქუჩაზე ვიყავით და იქ გადაგვცეს პოლიციელებს“.

ის ამბობს, რომ მას შემდეგ უშუალოდ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე. კერძოდ,

  • ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. და ეს, როგორც უფლებადამცველები მიუთითებენ, არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა. მაგალითად, „უფლებები საქართველო“ 5 დეკემბერს იტყობინებოდა ორი საგულისხმო ფაქტის შესდახებ და ხაზგასმით მიუთითებს იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილ გულგრილობაზე:
  1. „ნაცემი 20 წლის ბიჭის სასამართლოდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, რომელიც 35 საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარებას ითხოვდა“.
  2. ოთხი დღის წინ, „დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის მიერ არასწორად შეფასებული მდგომარეობის გამო, ორგანიზაციის სხვა ბენეფიციარი ასევე არ გადაიყვანეს სამედიცინო კლინიკაში. შედეგად, აღნიშნულმა პირმა რამდენჯერმე დაკარგა გონება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ღუდუშაურის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი, მას ცხვირის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. იზოლატორის ექიმმა კი თავიდანვე გამორიცხა ტვინის შერყევა, ხოლო მოტეხილობებს არ დაუთმო სათანადო ყურადღება“.

„სასამართლო პროცესზეც ძალიან ბევრი ნაცემი ადამიანი ვნახე ... ერთს თავი ჰქონდა გადახსნილი, გონების კარგვა ეწყებოდა და არაფრის დიდებით არ წაიყვანეს საავადმყოფოში“,- იხსენებს ბესიკიც.

  • „ერთი დღე გაგვაჩერეს ზაჰესის #2 იზოლატორში, დილით გადაგვიყვანეს სასამართლოში - 7-ზე დაიწყო და ღამის ოთხისთვის დასრულდა. მომისაჯეს 7 დღე. ვიდრე ქუთაისის იზოლატორში გადამიყვანდნენ, რომელიღაც „უფროსი“ პოლიციელის ბრძანებით, უკან გადაგრეხილი ხელებით, რკინის ხელბორკილებით გვატარეს სასამართლოდან ქუთაისის იზოლატორამდე. რამდენჯერმე მოვითხოვეთ, რომ ხელები წინ შეეკრათ, მაგრამ „რაღაც ნორმებია ასეთიო“,- ცხადია ნორმა ვერ დაასახელეს“.

ბესიკ ლიპარტელიანი დღეს - 7-დღიანი დაგვიანებით ჩაიტარებს სამედიცინო კვლევებს, ექსპერტიზას და აპირებს სამართლებრივ დავას არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.

ფოტო: პუბლიკა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები