15-02-2025 16:07:05 კონფლიქტები ,პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ საუბარია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს".
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას
აფხაზური „საპრეზიდენტო არჩევნები“: სოხუმი ირჩევს, მოსკოვმა კი არჩევანი უკვე გააკეთა