27-02-2025 13:46:18 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს ამჯერად "რადიკალურ ოპოზიციაში წარმომადგენლად" მოიხსენიებს.
„არის აწ უკვე წარმავალი განათლების მინისტრი, რომელმაც კუდი მოიქნია, სანამ დატოვებს თანამდებობას. იმედი გვაქვს, მიუხედავად იმ ფონისა, რაც შექმნილია გერმანიასთან გვექნება მაქსიმალური მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში. იცით, რამდენს აფუჭებენ კონკრეტული ბიუროკრატები მათ შორის, მოქმედი ელჩი. რეალურად, გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს. მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულები გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენით. როგორც კი შეიცვლება მოცემულობა, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება განსხვავებული ფორმით, ვფიქრობთ პროგრესი გვექნება ურთიერთობებში“, – განაცხადა კობახიძემ.
26 თებერვალს საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კობახიძემ ფიშერი "ე.წ. ელჩად" მოიხსენია. კერძოდ, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი".
"აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს. ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში",- დასძინა მან.
მოგვიანებით, 30 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს პრეს–სპიკერმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, რომ "გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს".
ამავე თემაზე: რატომ იქცა ამჯერად გერმანიის ელჩი "ქართული ოცნების" სამიზნედ?