Accentnews.ge
პაპუაშვილი 11 ქვეყნის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე იუწყება: "ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს"

პაპუაშვილი 11 ქვეყნის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე იუწყება: "ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს"

30/06/2025 17:04:00 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული დიპლომატიური და სამუშაო პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნულს "ევროკავშირის სირცხვილად" აფასებს.

იგი ევროკავშირს "საერთაშორისო სამართლის დარღვევაში" ადანაშაულებს.

"არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს დადებული ხელშეკრულება არის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. შეგახსენებთ, 2010 წელს ეს მისცეს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას, ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ შვიდი წელი ველოდით, 2017 წლამდე, ვიდრე ჩვეულებრივ პასპორტზეც იქნებოდა უვიზო რეჟიმი. 2010 წელს დადებული ხელშეკრულებაა. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომ ევროკავშირის დიპლომატიური პასპორტით ჩვენთან შემოდიან უვიზოდ, ჩვენი დიპლომატიური პასპორტით ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან უვიზოდ. საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწერილია ყველაფერი, მათ შორის გაწერილია გარემოებები, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ამ ხელშეკრულების მოქმედება. არცერთი ეს პუნქტი სახეზე არ არის დღეს. არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა. აქედან დასკვნა, ევროკომისიის რეკომენდაცია, თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა, იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ეს არის ევროკავშირის დიდი სირცხვილი, რომელსაც თავი მოაქვს თითქოს საერთაშორისო სამართლის დამცველად, წინ წამწევად და თავად არღვევს საერთაშორისო სამართალს უხეშად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ქართული დიპლომატიური და სამუშაო პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში შესასვლელად ვიზის აღებაა საჭირო. მანამდე, შეზღუდვების ამოქმედებაზე ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა.

როგორც ონლაინგამოცემა Euroscope იტყობინება, შეზღუდვები ამოქმედდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში: რუმინეთში, ბულგარეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ბელგიაში და იტალიაში.

ცნობისთვის: 27 იანვარს ევროკავშირმა ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. 

როგორ დაასაბუთა ევროკავშირის საბჭომ გადაწვეტილება

"ეს გადაწყვეტილება არის რეაქცია გასულ წელს საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.

საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს.

ეს გადაწყვეტილება ასევე არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ აღარ გააგრძელებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე", – განმარტავს ევროკავშირის საბჭო.

ამავე თემაზე: ვის შეუჩერა/ არშეუჩერა ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი

„ტექნიკური გადაწყვეტილებაა" – ბოჭორიშვილი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S