მამუკა მდინარაძე: „თამარ ჩუგოშვილი არ ტყუის“
06/05/2020 15:31:08 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კოკა ყანდიაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირის უარყოფის შემდეგ აცხადებს, რომ მხარდამჭერებს პარტიაში მისვლას ვერავინ აუკრძალავს. ამ კომენტარით მან ყოფილ თანაგუნდელს თამარ ჩუგოშვილს უპასუხა.
„თამარ ჩუგოშვილი არ ტყუის. ძალიან ბევრი მხარდამჭერი მოდის „ქართული ოცნების“ ოფისში, ძალიან ბევრი ადამიანი გადის კონსულტაციებს. კონტაქტი კოკა ყანდიაშვილთან, შეკვეთა, დავალება „ქართული ოცნებიდან“ არ მიდის. ამიტომ, ნურავინ იქნება შოკირებული. ყველაზე აქტიურ მომხრეებს ვერავინ დაუხურავს ქართული ოცნების კარს და ამით სპეკულირებას ყველამ თავი დაანებოს“,– განაცხადა მამუკა მდინარაძემ მას შემდეგ, რაც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პირადად ხშირად უნახავს კოკა ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ოფისში.
„გამიკვირდა მამუკასგან [მდინარაძე]. არ ველოდი: ასეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ეს ადამიანი [ყანდიაშვილი] აქტიურად მუშაობდა პარტიაში, ვინაიდან მეც ხშირად ვხედავდი იქ. ამდენად, ეს ჩემთვის გასაკვირი ონფორმაციაა. დანარჩენი – მისი კონკრეტული როლი ჩემი შესაფასებელი არ არის. ეს „ფეისბუქ“–ის განცხადებიდან უფრო ნათლად იკვეთება. 2014 წელს ყანდიაშვილი კანცელარიაში მუშაობდა და შემდგომ უკვე მე მასთან შეხება პარტიაშიმქონდა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ანალოგიური კომენტარი გააკეთა დიმიტრი ცქიტიშვილმაც.
მანამდე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს". თავის მხრივ ყანდიაშვილიც ირწმუნება, რომ პარტიაში მეგობრებს აკითხავს.
ცნობისთვის: "ფესიბუქმა" გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანიამ დაბლოკა PR-კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო "ეSპერსონა" და მასთან დაკავშირებული ანგარიშები. ამასთან, კომპანიის ცნობით, გაუქმებულია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ანგარიშებიც. ორივე შემთხვევაში "ფეისბუქი" მიზეზად "არაავთენტურ ქცევას" ასახელებს.
კომპანიის განცხადებით, წაშლილია "ეSპერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში. "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით კი – 23 ფეისბუქანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 Instagram-ანგარიში.


