Accentnews.ge
უნიღბობა, ერთადერთი მოშლილი ტომოგრაფი, პანიკა და კარანტინის ტოტალური დარღვევა: რა ხდება ცხინვალის რეგიონში

უნიღბობა, ერთადერთი მოშლილი ტომოგრაფი, პანიკა და კარანტინის ტოტალური დარღვევა: რა ხდება ცხინვალის რეგიონში

08/05/2020 13:38:19 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში COVID-ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ბოლო ორი დღის განმავლობაში იგი გახუთმაგდა – პირველ დღეს გამოვლენილი 3-დან დღეს გამოცხადებულ 15-მდე. ყველა, ვისაც დღემდე კორონავირუსი დაუდგინდა, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდანაა ჩასული. ყველაზე მრავალრიცხოვან კლასტერს რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები წარმოადგენენ (ამ დროისთვის ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი 300-დან 160 სტუდენტია დაბრუნებული), მეორე – შედარებით მცირერიცხოვანს კი – პირები, რომლებიც სამკურნალოდ ან/და სხვა მიზნით ჩრდილოეთ ოსეთში იყვნენ გასულები და ბოლო დღეების განმავლობაში სამშობლოში დაბრუნდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველა მედიკოსი, მძღოლი და მესაზღვრე, რომელთაც მათთან შეხება ჰქონდათ, სხვადასხვა ლოკაციებზე კარანტინში არიან მოთავსებულები. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, კარანტინში პირთა განთავსებისას უსაფრთხოების შესაბამისი ზომები დაცული ყოველთვის როდია, ისინი ტოტალურად ირღვეოდა, მაგალითად, გუშინ ზნაურის საკარანტინე პუნქტში ხალხის განთავსებისას, რის გამოც დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა წუხელ სერიოზული სკანდალი მოაწყო, დღეს კი ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრი ოსურ “პარლამენტში” დაიბარეს.

«მინისტრს ვკითხეთ, აქვთ თუ არა საკმარისი ადგილები კარანტინში ხალხის მოსათავსებლად. გვიპასუხა, რომ ახლა ადგილების გამოთავისუფლებას ცდილობენ: ინფექციური საავადმყოფოდან შედარებით სტაბილური პაციენტები სხვა განყოფილებებში გადაჰყავთ, რათა თავად ინფექციური მზად იყოს მძიმე ავადმყოფების გარკვეული რაოდენობის მისაღებად. ჩვენ მივუთითეთ მინისტრს, რომ დაშვებულ იქნა არაერთი შეცდომა და ამის გამო ახლა პრობლემები შეიქმნა. გვქონდა კითხვები კომპიუტერულ ტომოგრაფთან დაკავშირებითაც. გვიპასუხა, რომ სადღეისოდ რესპუბლიკის მასშტაბით ერთი ასეთი აპარატი არსებობს, მასაც რაღაც დეტალი აქვს დაზიანებული და მის ჩამოტანა/შეცვლას ორი კვირა დასჭირდება, თუმცა ექსტრემალურ შემთხვევებში იგი რაღაც მონაცემებს მაინც დააფიქსირებს და ასეთ შემთხვევებში შეიძლება, ახლაც იყოს გამოყენებულიო... ჩვენი შეფასებით, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა მიღებული არ ყოფილა. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, უცხოეთიდან დაბრუნებულ ზოგიერთ ადამიანთან შეხება ჰქონდათ ადგილობრივებს – ნათესავებს, მეზობლებს, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებსაც. ამაზე გვპასუხობენ – საავადმყოფოებში მსგავსი რამ არ მომხდარაო, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ეს ხდებოდა, მაგალითად, ზნაურის საავადმყოფოში, სადაც კურსანტების ნაწილია განთავსებული. დეპუტატებმა ვთქვით, რომ თუ კარანტინი ცხადდება, იგი იმგვარი უნდა იყოს, როგორიც საჭიროა და არა ასეთი. მეორე – გამოვდედით წინადადებით, ოპერატიულმა შტაბმა, ბოლოს და ბოლოს, გადაჭრას მოსახლეობის დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფის საკითხი. ადრე, როცა ეს საკითხი მთავრობის წინაშე დავაყენეთ, ჩვენთან ვირუსი ჯერ არ იყო, ახლა კი ეს ასმაგად აქტუალურია - აფთიაქებში ამ დრომდე არც ნიღბები იყიდება, არც დაცვის სხვა საშუალებები. მთლიანობაშიც, ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემისთვის მზად არ აღმოჩნდა: გარკვეული ზომები მიიღება, მაგრამ შემთხვევები იმატებს და ვნახოთ, რას გვიჩვენებს უახლოესი დღეები. ფაქტი ისაა, რომ დრო იყო, მაგრამ გარკვეული ზომები, რომლის მიღებასაც ადრე ვთავაზობდით ნთავრობას, არ იქნა მიღებული» - განაცხადა დე ფაქტო მინისტრთან საუბრის შემდეგ დეპუტატმა დავით სანაკოევმა.

გასული ღამით ცხინვალმა რუსეთთან დე ფაქტო საზღვარი სრულად ჩაკეტა. როგორც ბიბილოვმა განმარტა, «რესპუბლიკას დრო სჭირდება სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების კარანტინში განსათავსებლად, გამოსაკვლევად და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალოდ».

არადა, დრო ეპიდემიისთვის მეტ-ნაკლებად მოსამზადებლად ნამდვილად იყო – დაალოხებით 1,5 თვე, როცა ოკუპირებულ რეგიონში არც ერთი ინფიცირებული არ იყო აღრიცხული. ამდენივე ხანი ცხინვალი, სოხუმისგან განსხვავებით, სადაც დღემდე ინფიცირების მხოლოდ სამი შემთხვევა იყო აღრიცხული, ჯიუტად ამბობდა უარს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თბილისის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე – “თქვენს ინფიცირებულებს მიხედეთ, ჩვენ დაავადებულები არ გვყავს და თუ გაჩნდებიან, სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი ყველაფერში დაგვეხმარებაო”… აღმოჩნდა, რომ იმედი ფუჭი იყო: ტომოგრაფები რუსეთს თავადაც არ ჰყოფნის, ხელოვნური სუნთქვის აპარატების მიწოდებასა და მედიკოსების გაგზავნაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ხოლო შეზღუდული რაოდენობის რუსული წარმოების ტესტ-სისტემები, რომელიც ცხინვალმა “სტრატეგიული პარტნიორისგან” მიიღო, სანახევროდ იტყუება და 60%-იან ცდომილებას იძლევა…

როგორც ადგილობრივი მიმომხილველები აღნიშნავენ, დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით სასურსათო მაღაზიებში აჟიოტაჟი არ იგრძნობა, არც ძირითადი პროდუქტების ნაკლებობაა. პრობლემა კი აფთიაქებში ინდდაცვის საშუალებების არარსებობასა და თავად მოსახლეობის ცნობიერებაში მდგომარეობს: ბოლო დღეების პანიკის მიუხედავად, ბაზრებსა და მაღაზიებში კვლავინდებურად ხალხმრავლობაა, თანაც იმ პირობებში, რომ ნიღბებს არც გამყიდველები ატარებენ, არც მყიდველები.

იმას, რომ მოსახლეობაში ბევრს დაცვის საშუალებების ტარება და მკაცრი საკარანტინო ზომები ზედმეტად მიაჩნია, ცხინვალში ჩატარებული მცირე გამოკითხვაც ადასტურებს:

ლარისა: პირადად ჩემი აზრით, დიახ, სადღეისოდ ეს [საკარანტინო ზომები] სრულიად გამართლებულია. ვხედავთ, რომ თუ აქამდე შედარებით მშვიდი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვქონდა, ახლა იზრდება არა მარტო ინფიცირებულთა, არამედ მათი რაოდენობაც, ვინც ეჭვქვეშაა. ამდენად, მე კარანტინს, მკაცრ შეზღუდვებს მხარს ვუჭერ და ნიღბების ტარება, რა თქნა უნდა, აუცილებლად მიმაჩნია. სხვა საკითხია, რომ მათ მსურველებიც ვერ ყიდულობენ. ვფიქრობ, მედიამაც უნდა იაქტიუროს და ხალხს ინფორმაცია მიაწოდოს – ჩემი აზრით, ეს ადამიანებზე ზეგავლენას მოახდენს და ნიღბების ტარებას მაინც დაიწყებენ.

ნონა: მე მეწარმე გახლავართ და როდესაც ამასწინათ ერთი თვით დაგვკეტეს, იქამდე მივედით, რომ ელემენტარული პროდუქტების საყიდლადაც აღარ გვქონდა თანხა. ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ შეზღუდვების შემოღების. რაც შეეხება ვირუსისგან თავდაცვას, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ისედაც ესმის, რომ როგორც ომის დროს არის საჭირო, გადასარჩენად რამეს შეაფარო თავი, იგივეა ახლაც. თითოეულმა უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები, მოვეშვათ ხელის ჩამორთმევას, ხვევნა-კოცნას და ზედმეტ კონტაქტებს.

იულია: მე ლუკაშენკოს []ბელარუსის პრეზიდენტის] პოლიტიკას ვემხრობი და არ ვთვლი, რომ საჭიროა წესების გამკაცრება. მეტსაც გეტყვით, ვთვლი, რომ კორონავირუსი ჩვენთან, მინიმუმ, უკვე ნოემბერში იყო, უბრალოდ მაშინ ტესტებს ვერ ატარებდნენ. თანაც ის ტესტებიც, რომლებიც სადღეისოდ [რუსეთიდან] ჩამოაქვთ, არაეფექტურია: ერთ დღეს ადამიანს დადებით შედეგს უჩვენებენ, მეორე დღეს – უკვე უარყოფითს, აიტომ მათაც ვერ ენდობი. ჩემი აზრით, მიღებული უნდა იყოს ისეთივე ზომები, როგორც ჩვეულებრივი გრიპის დროს, დავიცვათ ჰიგიენის ჩვეული წესები. მაგრამ იმას, რაც იგივე რუსეთში გააკეთეს – ხალხი სახლებში გამოამწყვდიეს, - ამას არაეფექტურად მივიჩნევ და ვთვლი, რომ აგრესიის ზრდის გარდა, არაფერს იწვევს.

ალისა: ამ საკითხში აბსოლუტური დიქტატორი ვარ: რაც უფრო მკაცრია ზომები, წესები, მით დაბალია ინფიცირების პროცენტი. აუცილებელია ამ პროცენტის მინიმიზირება, სანამ პიკი არ ჩაივლის. ჩვენ – კავკასიელები და მით უფრო ოსები, რომლებმაც ომი გამოვიარეთ, ცოტა უცნაური ხალხი ვართ: აქაოდა, ვირუსი ომგამოვლილებს, ყველანაირ უბედურებაგამოვლილებს ვერ მოგვერევაო… ვფიქრობ, გუშინდელი დღიდან მაინც, როცა ინფიცირებულთა რაოდენობამ 10-ს გადააჭარბა (და ეს – რაც ჩვენ ვიცით), ნიღბების ტარება უნდა დავიწყოთ. ილაპარაკონ, რომ ისინი ვერ გვიცავენ – ფაქტია, რომ არც არაფერს გვავნებენ. საზღვრების ჩაკეტვა, უმკაცრესი კარანტინი და, რაც მთავარია, მაქსიმალური თვითიზოლაცია – ამას ყველაფერს ცალსახად ვუჭერ მხარს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S