რუსეთი თბილისის ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებას და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას ითხოვს

28-05-2020 10:39:18 საგარეო პოლიტიკა

ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მიერ გაჟღერებულ ბრალდებას რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაციის თაობაზე "პროვოკაციულს" უწოდებს და თბილისის ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებასა და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას კიდევ ერთხელ ითხოვს.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რეალური შემოწმების საშუალება მხოლოდ აღნიშნული ფორმატით მიეცემათ.

ამასთან, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს ორმხრივ ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე ითხოვს.

"ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. PR-კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებული შტატების სამხედრო დეპარტამენტის ბიოლოგების მიერ წარმოებული რეალური მუშაობის დაფარვას, ჩვენ არ მივიღებთ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ მსგავსი შინაარსის განცხადება 27 მაისსაც გაავრცელა და თბილისისგან ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ყველა კორპუსში დაშვება მოითხოვა.

28 მაისს რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოსთან მოლაპარაკებების საკითხებში გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ "რუსი ექსპერტების მიღების თანხმობა თბილისს ოფიციალური ხაზით არ გაუმყარებია"

იხილეთ ასევე: საქართველოს საგარეო უწყება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის მორიგ ბრალდებებს პასუხობს

გამყრელიძე ზახაროვას ლუგარის ლაბორატორიაში ეპატიჟება: „ჩამოვიდეს, ყველაფერს ვაჩვენებ“

თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.

ასე, მაგალითად, 2019 წელს ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.

2019 წელს რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".

Новости

Другие новости