ბურჯანაძე – კრემლს: „როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, თანამშრომლობაზე ლაპარაკი რთულია"
28/05/2020 11:57:33 პოლიტიკა
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირება საერთაშორისო მეთვალყურეობით უნდა შესრულდეს.
როგორც ბურჯანაძე განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს, თანამშრომლობაზე საუბარი რთულია.
„როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ბუნებრივია, აქ ნორმალურ თანამშრომლობაზე, ინსპექტირებაზე და ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც ეხება, ვთქვათ, ამ ტიპის ინსპექტირებას, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და არა პირდაპირი ჩარევის განხორციელებით უნდა იყოს შესრულებული“, - განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.
ცნობისთვის: რუსეთმა თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი ორმხრივ ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა. ამასთან, მოსკოვი ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებასა და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას ითხოვს.
ოფიციალურმა მოსკოვმა მსგავსი შინაარსის განცხადება 27 მაისსაც გაავრცელა და თბილისისგან ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ყველა კორპუსში დაშვება მოითხოვა.
28 მაისს რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოსთან მოლაპარაკებების საკითხებში გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ "რუსი ექსპერტების მიღების თანხმობა თბილისს ოფიციალური ხაზით არ გაუმყარებია"
იხილეთ ასევე: საქართველოს საგარეო უწყება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის მორიგ ბრალდებებს პასუხობს
გამყრელიძე ზახაროვას ლუგარის ლაბორატორიაში ეპატიჟება: „ჩამოვიდეს, ყველაფერს ვაჩვენებ“
თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.
ასე, მაგალითად, 2019 წელს ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.
2019 წელს რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".


