გამყრელიძე – რუს კოლეგებს: „მოსკოვი აღარაა ჩვენი მბრძანებელი!“

28-05-2020 18:34:14 პოლიტიკა

მოსკოვი აღარაა ჩვენი მბრძანებელი,– ასე ეხმიანება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კრემლის მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით მორიგ ჯერზე წარმოებულ პროპაგანდასა და წამოყენებულ მოთხოვნებს.

ამასთან, გამყრელიძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსი სპეციალისტები ლაბორატორიაში მხოლოდ საერთაშორისო მისიის ფარგლებში დაიშვებიან, მათ შორის თუ სურვილი აქვთ, სამხედრო ექიმები, მაგრამ არა მხოლოდ რუსული დელეგაცია.

„უკვე 30 წელია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს ჩვენმა რუსმა კოლეგებმა როგორმე უნდა გაითავისონ და შეეგუონ. რას ნიშნავს, ჩამოვლენ და ყველა კუთხე–კუნჭულში შევლენ და ა.შ.?! ისევე ჩამოვა აქ, ლუგარის ლაბორატორიაში რუსი, როგორც სხვა ერის წარმომადგენელი. რამოდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსები და არამარტო. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს. ჩვენ მათ ვთავაზობთ, საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოვიდნენ. ასე იყო 2018 წელს – 17 ქვეყნის 25 ექსპერტი ჩამოვიდა, რუსებმა უარი თქვეს. ასევე, შარშან ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა შეაფასა ცალკე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ცალკე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. ამდენად, რუსებს შეუძლიათ, ნებისმიერ საერთაშორისო მისიაში ჩამობრძანდნენ და გეცნონ. ვიმეორებ, ლუგარის ლაბორატორიაში ბევრჯერ არიან ნამყოფი რუსი ჟურმალისტები, მეცნიერები, ნანახი აქვთ, რასაც ვაკეთებთ. ყველა ეს გამოხტომა, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ხდება, ხდება პერიოდულად და მას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს“,– განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ რუს დეპუტატს გენადი ონიშჩენკოს მიმართა:

„ონიშჩენკოს ძალიან კარგად ვიცნობ. როცა მე სამინისტროში მაღალ პოზიციებზე ვმუშაობდი, ონიშჩენკო რუსეთის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხო არ ლაპარაკობ ახლა ამას? გეუბნებიან, გავალებენ, რომ ეს თქვიო. სამჯერ გითხარით, პირადად დაგპატიჟეთ ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითაც ვართ დაკავებული ამ ლუგარის ცენტრში. მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმებთან ერთად გინდათ - კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“.

ცნობისთვის: რუსეთმა თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი ორმხრივ ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა. ამასთან, მოსკოვი ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებასა და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას ითხოვს.

ოფიციალურმა მოსკოვმა მსგავსი შინაარსის განცხადება 27 მაისსაც გაავრცელა და თბილისისგან ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ყველა კორპუსში დაშვება მოითხოვა.

28 მაისს რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოსთან მოლაპარაკებების საკითხებში გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ "რუსი ექსპერტების მიღების თანხმობა თბილისს ოფიციალური ხაზით არ გაუმყარებია"

იხილეთ ასევე: საქართველოს საგარეო უწყება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის მორიგ ბრალდებებს პასუხობს

გამყრელიძე ზახაროვას ლუგარის ლაბორატორიაში ეპატიჟება: „ჩამოვიდეს, ყველაფერს ვაჩვენებ“

თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.

ასე, მაგალითად, 2019 წელს ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.

2019 წელს რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები