გოცირიძე – პრემიერზე: „რვა სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა“

29-05-2020 18:16:53 პოლიტიკა

დეპუტატების ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის თქმით, ენმ–ის წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში პრემიერთან კითხვების დასმისას 5 წუთში 8 ტყუილი თქვა, თავად დეპუტატის შეფასებით კი, მან არა 8 ტყუილი, არამედ „8 სიმართლე ესროლა [პრემიერს]და რვავე შუბლში მოხვდა“.

„აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და სადაც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებში და მთლიანად მოსახლეობაში“, - ამბობს რომან გოცირიძე, რომლის შეფასებითაც, პრემიერ-მინისტრმა ფაქტობრივად ,არც ერთ კითხვას არ უპასუხა, „ფარხმალიდაყარა და ტრიბუნიდან გაიქცა“.

გოპცირიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა გაზრდილია და „მწარე სიმართლეა ის, რომ საქართველოში, 2019 წელს, კერძო სექტორში 59 000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი იზრდება სახელმწიფო სექტორში ნათესავების, მეგობრების და სხვათა ხარჯზე“.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი რომან გოცირიძის გამოსვლას დემაგოგიად აფასებს და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ პარლამენტში მოსვლით პატივი სცა საკანონმდებლო ორგანოს:

„ის მობრძანდა პარლამენტში და პასუხი გასცა თუნდაც ამ დემაგოგიურ კითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიიღეს საკადრისი პასუხი პრემიერის მხრიდან. 8-დან ერთ-ერთი ტყუილი იყო, რომ მოსახლეობას სოციალური დახმარება არ მიუღიაო. პრემიერმა რიცხვების დონეზე ჩამოთვალა, რამდენ ადამიანს აქვს მიღებული სხვადასხვა სახის დახმარება. ასიათასობით ადამიანზეა საუბარი, რომელთაც უკვე ჩაერიცხათ დახმარება. 8-დან ერთ-ერთი ტყუილი ეხებოდა სწორედ ამას“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის წესით პასუხობს. რომან გოცირიძის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის წინ მან პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს სთხოვა, დეპუტატებს მკაცრად დაეცვათ რეგლამენტით განსაზღვრული დრო, რათა „ხალხზე უკეთ ზრუნვა მოასწრონ“.

იხილეთ ასევე: „მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ პარლამენტის პატივისცემა რომ ისწავლოთ?“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები