«ეს ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაა”: აფხაზები - პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

29-06-2020 13:23:07 კონფლიქტები

1 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების ე.წ. საყოველთაო კენჭისყრას შეუერთდება. რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს ხმის მიცემა სოხუმში, რუსეთის ფედერაციის ე.წ. საკონსულოში შეეძლებათ. თუმცა როგორც Кавказ.Реалии-ს მინი-გამოკითხვა ადასტურებს, თავად რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად, აფხაზეთშიც პუტინის მიერ ინიცირებული ცვლილებები ბევრს ძალაუფლების უზურპაციის მცდელობად მიაჩნია.

იხილეთ ასევე: 1 ივლისის კენჭისყრამდე რუსეთის მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებების არსს პირადად პუტინი განუმარტავს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა ღია წყაროებში მითითებული არ არის. 2008 წლის მონაცემებით, რუსული პასპორტი და, შესაბამისად, ორმაგი “მოქალაქეობა” ადგილობრივთა 90%-ს გააჩნდა. ამ დროისთვის კი, დე ფაქტო სამთავეობო წყაროს ცნობით, რუსულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აფხაზეთის 150 ათასამდე მკვიდრს – ანუ მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს აქვს.

იხილეთ ასევე: რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების დისტანციური კენჭისყრის საიტმა ფეიქ-ცვლილებები გამოაქვეყნა

ე.წ. პლებისციტში მონაწილეობას არ აპირებს მარია დემენტიევა, რომელიც აფხაზეთში საცხოვრებლად 12 წლის წინ გადავიდა – როგორც თავად ამბობს, მშობლიურ რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გაუარესების გამო.

"მე რუსი გახლავართ, ჩემი წინაპრებიც რუსები იყვნენ. ბაბუა რევოლუციონერი მყავდა… რუსეთი ჩემი სამშობლოა, მაგრამ სადღეისოდ იქ ცხოვრება შეუძლებელია. რაღა თქმა უნდა, ვერც თავს მოვიკატუნებ და ვიტყვი, რომ რაც იქ ხდება, აღარ გვეხება. მაგრამ ნათელია, რომ მთელი ეს პლებისციტი და საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინის მმართველობის გასახანგრძლივებლადაა ჩაფიქრებული – ყველა დანარჩენ შემოთავაზებულ ცვლილებაში ხალხი დიდად ვერ ერკვევა. პირადად მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმის, რომ პუტინი სამუდამო პრეზიდენტი გახდეს", - ამბობს მარია .

რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზი ჟურნალისტი ასტა არძინბა საკონსტიტუციო ცვლილებებში ასევე ძალაუფლების უზურპაციის მცდელობას ხედავს:

"დიახ, ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ რუსეთში, ჩვენი შვილები იქ მიდიან სასწავლებლად, ჩვენც დავდივართ იქ სამკურნალოდ და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გასვლაც მხოლოდ რუსული პასპორტით, სოჭის გავლით შეგვიძლია – ეს ჩვენთვის სადღეისოდ “ფანჯარაა” მთელს დანარჩენ მსოფლიოში... მაგრამ ჩვენ ამ ქვეყნის – აფხაზეთის მოქალაქეები ვართ და რა ჩვენი საქმეა ეს პლებისციტი?! ამასთანავე, პირადად მე წინააღმდეგი ვარ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების – ეს ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაა. ვერაფრით ვეგუები, რომ საკითხი [პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულება და მისი უფლებამოსილებების გაზრდა] საერთოდ სერიოზულად განიხილება".

განსხვავებული პოზიცია აქვს ისტორიის პედაგოგ ლიანას, რომელიც აფხაზეთის რუსეთზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს და ე.წ. საყოველთაო კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცეს ხმა:

"თუკი ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში აფხაზები რუსეთს უნდა ვუჭერდეთ მხარს, მაშ მის კონსტიტუციაზე საკუთარი აზრი არ უნდა გვქონდეს? თუ რუსეთი თანამედროვე სახელმწიფოებრივი მოწყობის ნორმებიდან კიდევ უფრო შორს წაიყვანს საკუთარ თავს, ეს ხომ ჩვენზეც ნეგატიურად აისახება... სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, როგორ იქნება ასახული ეს პერიოდი ისტორიის სახელმძღვანელოებში 30-40 წლის შემდეგ, როგორ აუხსნიან ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს შთამომავლებს… ამით ხომ ირღვევა ყველა შესაძლო და შეუძლებელი ნორმა… და ეს ჩვენც გვეხება – აფხაზეთს და საკუთრივ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს".

ერთ-ერთ დე ფაქტო სახელმწიფო უწყებაში მომუშავე ალინა კი რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს, მაგრამ წმინდა მერკანტილური მიზეზით:

"რუსეთში რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ვინ იცის, რა დამოკიდებულება ექნება აფხაზეთის მიმართ ახალ ძალას? - ვაი და უარი თქვას ჩვენთვის ხელფასების, პენსიების გადახდაზე?! ჯერ-ჯერობით ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ჩვენი სახელმწიფოს არსებობა რუსული დახმარების გარეშე".

რა გასაკვირია – და დე ფაქტო ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა, რუსული პასპორტების მფლობელები ე.წ. საყოველთაო კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ტრანსპორტით უზრუნველჰყოს (ბევრი ქართველი მკითხველისთვის ალბათ, ნაცნობი სურათია, როცა ამომრჩეველი საარჩევნო უბნებამდე სამარშრუტო ტაქსებით გადაჰყავთ და რა მიზანს ემსახურება ეს რეალურად – კარგად ვიცით). 1 ივლისს აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებში განსაზღვრულ ადგილებზე იდგება სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოქალაქეებს ხმის მისაცემად სოხუმში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საკონსულოს შენობამდე მიიყვანს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები