ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ წულუკიანი „ღირსეული მინისტრია“
01/07/2020 10:55:38 პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ თეა წულუკიანი „ღირსეული მინისტრია“. ამის შესახებ მან ნოტარიულ ბაჩანა შენგელიას ეპიზოდზე სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
“ქალბატონი თეა წულუკიანის მხრიდან ვინმეზე ზეწოლა არ მინახავს და მგონია, რომ ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ზეწოლა მე მახსოვს ადეიშვილის დროს, როდესაც იუსტიციის სამინისტრო ზეწოლას ახდენდა ადამიანებზე. თეა წულუკიანი არის ღირსეული მინისტრი. რაც შეეხება ბაჩანა შენგელიას ეპიზოდს, არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურა, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო და ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი ოპონენტებთან მიმართებით, რომლებიც ამბობენ, რომ სასამართლოში არის კლანი, “ქართული ოცნება” აკონტროლებს ამ კლანს და სასამართლო მთლიანად პოლიტიზირებულიაო, ვხედავთ, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავად ჩათვალა სამართლიანად და სწორად”,- განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის: ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა მისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. აღნიშნულს წინ უძღოდა შენგელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყება, რასაც თავად შენგელია პოლიტიკურ დევნად აფასებს.
თავად შენგელია საზოგადოებისთვის ია კერზაიას საქმიდან გახდა ცნობილი.
იხილეთ ასევე:


