
გახარიამ შაქარაშვილის საქმეზე გააკეთა კომენტარი
03/07/2020 07:36:22 სამართალი
სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ადამიანის ტრაგედიებს ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასმული კითხვას.
მისი თქმით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი.
„ეს თემა დავხურეთ, ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი.
ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელიც, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზეც კი სასწრაფოდ უნდა იყოს პასუხები გაცემული. მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. უახლოეს საათებში და დღეებში ყველა დასმულ შეკითხვას საზოგადოების მხრიდან შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პირებიდან არც ერთი ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები აცხადებენ, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.
19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. 19 ივნისს შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 4–დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.
იხილეთ ასევე:
- რა მოხდა 18 ივნისს: შსს ვერსია შაქარაშვილის საქმეზე
- გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები ჩნდება
- შაქარაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ექსპერტი ცხედარზე აღმოჩენილ დაზიანებებზე საუბრობს