აფხაზი ჟურნალისტი: “საქართველოში მკურნალობის მსურველებს დაბრკოლებებს აფხაზეთში წარმოდგენილი რუსული უწყებები უქმნიან”

06-07-2020 16:16:47 კონფლიქტები

ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის სიცოცხლეა, ხოლო ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეში - ჯანმრთელობა... ამ ძველისძველი გამოთქმის მნიშვნელობას პლანეტაზე ყველა აცნობიერებს. თუმცა XXI საუკუნეში, როცა კაცობრიობა გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება და პროგრესირებს, ეს ჭეშმარიტება ხშირად ავიწყდებათ. ამ თემაზე დამაფიქრა ვითარებამ, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში აფხაზეთის სამედიცინო სფეროში ჩამოყალიბდა.

ომის დასრულების შემდეგ პირველ წლებში, ბლოკადაში ცხივრების პერიოდში აფხაზეთის მოსახლეობა იძულებული იყო, დასჯერებოდა იმ მცირედს, რომლითაც სახელმწიფოს შეეძლო უზრუნველყოფა. სახელმწიფო კი მხოლოდ მცირედს იძლეოდა და ჯეროვანი სამედიცინო დახმარების გარეშე რესპუბლიკაში უამრავი ადამიანი იღუპებოდა.

გავიდა დრო, ცხოვრება შეიცვალა, გაჩნდა წვდომა რუსეთის სამედიცინო სერვისებზე. სხვა ალტერნატივებზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო — აფხაზური პასპორტი ხომ მხოლოდ მეზობელ რუსულ სახელმწიფოში გადასვლის შესაძლებლობას იძლეოდა. თუმცა მაშინაც და დღემდეც, თუკი ოჯახის ბიუჯეტი ამ ფუფუნებას ვერ სწვდება, ადამიანები რესპუბლიკაში რჩებიან და ადგილობრივი ექიმების კეთილ ნებას ანდობენ თავს. დიახ, არსებობს სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც რუსულ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღება აფხაზეთის მკვიდრთათვის უფასოდ არის შესაძლებელი, მაგრამ ეს ძალზე ხანგრძლივი საქმეა, ჯამში მაინც ძვირი ჯდება, ბოლო წლებში კი ამ კლინიკების მიმართ აფხაზეთის დავალიანების გამო საერთოდაც შეუძლებელი გახდა...

2000-იანი წლების დასაწყისში რესპულიკაში დაიძრა ხმები ადამიანებზე, რომლებიც სამკურნალოდ ენგურს იქით გადადიოდნენ. თავდაპირველად მხოლოდ ერთეულებზე იყო საუბარი, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. და თუ თავიდან აფხაზები საქართველოში სამკურნალოდ სიარულის ფაქტს საგულდაგულოდ მალავდნენ, ახლა ეს სრულიად დაუფარავად კეთდება, - ამისთვის საჭიროა, მიმართონ სხვადასხვა ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს შესაბამისი მიმართვის, საშვისა და რიგი სხვა დოკუმენტების მისაღებად.

სადღეისოდ, კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ არჩევანის გარეშე დარჩა. თუმცა «ხვრელი» მაინც არსებობს, უბრალოდ მის შესახებ ბევრმა არ იცის: კერძოდ, დღემდე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს სამედიცინო დაწესებულება, რომლის დახმარებითაც ადამიანებს საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრა ყოველგვარი საშვებისა და მიმართვების გარეშე შეუძლიათ. ამ კლინიკის სპეცავტომობილი ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად კვეთს საზღვარს და შეუძლია, აფხაზეთიდან პაციენტი გადაიყვანოს. და ეს ყველაფერი - უფასოდ...

ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც პაციენტს ან მის თანმხლებ პირებს შეიძლება, ამ მხრივ შეექმნათ, რუსი მესაზღვრეებისგან მომდინარეობს, რომლებიც გალის რაიონში ყველა გამშვებ პუნქტზე დგანან. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი, მათი მხრიდან ყველა შენიღბული მუქარისა და «განმარტებითი სამუშაოს» მიუხედავად, საქართველოში სამკურნალოდ წასვლას მაინც არ გადაიფიქრებს, უკან დაბრუნებულს სხვადასხვა სახის სირთულეებს უქმნიან. პირველი პრობლემები რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის კვეთისას შეიძლება, გაუჩნდეთ: ადამიანს შეიძლება, მოულოდნელად «შეუსაბამობები აღმოაჩნდეს» პასპორტში და საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე არ გადაუშვან. გარდა ამისა, აფხაზეთის მკვიდრს, რომელმაც ქართული მხარის სამედიცინო დახმარებით ისარგებლა, შეიძლება, მოსთხოვონ რაღაც დამატებითი ცნობები, რომლებიც, თავის მხრივ, ახალი ცნობებით იქნება დასამოწმებელი და ასე — დაუსრულებლად… ამასთანავე, მოულოდნელად იწყებს დაგვიანებას პენსია, ხელფასი, შემწეობა… და ეს ყველაფერი — იმ რუსული სტრუქტურების «წყალობით», რომლებიც აფხაზეთში მრავლადაა წარმოდგენილი...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც საქართველოში სამკურნალოდ წასვლის მსურველებს აფერხებთ, არის მითი, რომელსაც აფხაზეთში აქტიურად ავრცელებენ — “ადგილზე ჩასულ პაციენტებს უფასო სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს მოქალაქეობის მიღებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკურნალობა დიდი ფული უჯდებათო”...

«უფასო ყველი ხომ მხოლოდ ხაფანგშია, არ იცოდი?! საქართველოში რომ უფასოდ გიმკურნალონ, მათი მოქალაქეობის მიღება ან დიდი ფულის გადახდა მოგიწევს», - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი ნაირა (სახელი შეცვლილია), რომელმაც წლების წინ საქართველოში ოპერაცია ჩაიტარა.

«იმაში, რომ ეს ვითომდა ქართველების აუცილებელი მოთხოვნაა, ჩვენთან სამკურნალოდ წასვლის ყველა მსურველს აქტიურად არწმუნებენ. და იმასაც ამბობენ, იქ რაღაც ვაქცინას შეგიყვანენ ორგანიზმში, რომ როცა აფხაზეთში დაბრუნდები, მოკვდეო», - ყვება ქ-ნი ნაირა.

მისივე თქმით, საქართველოში სამკურნალოდ წასვლის გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც აფხაზმა ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს, კრასნოდარის მხარის კლინიკებში კი 80-დან 100 ათას რუსულ რუბლამდე თანხა მოსთხოვეს. «ამდენს ჩემი ოჯახი ნამდვილად ვერასოდეს გასწვდებოდა და სხვა გზა აღარ მრჩებოდა», - ამბობს ქ-ნი ნაირა.

ყოფილი პაციენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავითარი საქართველოს მოქალაქეობის მიღება ან ფული მისთვის ქართულ მხარეს არავის მოუთხოვია — გამოკვლევაც და შემდეგ რთული ოპერაციაც მას სრულიად უფასოდ ჩაუტარეს. «ასე, რომ ამ საუბრებს მხოლოდ ხალხის დასაშინებლად აწარმოებენ — რომ ადამიანს შეეშინდეს და საქართველოში სამკურნალოდ არ წავიდეს. ამას ბევრი იჯერებს კიდეც — მე ბევრს ვიცნობ ასეთს», - დასძენს ქ-ნი ნაირა.

იმ ფაქტს, რომ საქართველოში მკურნალობის უფასოდ მისაღებად საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არავის სთხოვენ, ადასტურებენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც.

“ეს ინფორმაცია არის აბსოლუტური აბსურდი და რეალობას აცდენილი. წლის განმავლობაში დაახლოებით 1000-1200 პაციენტი გადმოდის სამკურნალოდ აფხაზეთიდან. ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ, როდესაც მათ ვინმემ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება მოსთხოვა. მათთვის რეფერალური პროგრამის მოქმედების მთელი ამ 9 წლის განმავლობაში იყო მხოლოდ 10-მდე შემთხვევა, როდესაც ითხოვეს საქართვლოს მოქალაქეობა და ხაზგასმით აღვნიშნავთ, ეს - მხოლოდ საკუთარი სურვილის საფუძველზე!” - განგვიცხადეს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

პაციენტები აფხაზეთიდან სამკურნალოდ დღესაც დადიან, თუმცა როგორც “აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის” ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პანდემიის პერიოდში ნაკადი შემცირდა. აფხაზეთიდან ჩასულები ჯერ სავალდებულო 2-კვირიან კარანტინში იმყოფებიან, ხოლო შემდეგ იწყება დაგეგმილი მკურნალობა.

თავად რეფერალური პროგრამა აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის უცვლელია — კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ფინანსურ და სამედიცინო სფეროებში შექმნილი სირთულეების მიუხედავად, ყველა ის სამედიცინო სერვისი, რომელსაც ეს პროგრამა ითვალისწინებდა, ძალაშია და კვლავინდებურად უფასო.

გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებიც, მათ შორის – “ბერი ანდრიას ფონდი», რომელიც არაერთი აფხაზისთვის მეორე სახლად იქცა...

როდესაც ახლობლის ან ნათესავის სიცოცხლე საფრთხეშია, პოლიტიკა, განხეთქილებები და წყენა უმნიშვნელო ხდება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, სად და ვისთან იმკურნალოს. მნიშვნელოვანია არა ადგილი, არამედ მედიკოსების კვალიფიკაცია და აღჭურვილობის ხარისხი. აქ ხომ ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეზეა საუბარი… სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსებს ეს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ჯანმრთელობის პრობლემა მათ კარზე აკაკუნებს...

კრისტინა ავიძბა

_____________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები