Accentnews.ge
მთავრობას ხუთი ქვეყნის შერჩევის გამო აკრიტიკებენ

მთავრობას ხუთი ქვეყნის შერჩევის გამო აკრიტიკებენ

08/07/2020 08:02:53 პოლიტიკა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, საზღვრების გახსნა აუცილებელი იყო, თუმცა გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით მიიღო მთავრობამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრის უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება.

„მაგალითად, საზღვარს ვუხსნით საფრანგეთს, სადაც იყო საშინელი პანდემია და ფაქტობრივად, ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსთვის, სადაც ვირუსი არ იყო გავრცელებული. ძალიან გაურკვეველია, თუ რატომ არ არის აუცილებელი მოთხოვნა ტესტირების პასუხის თაობაზე და რატომ არის ძალიან სერიოზული რისკის წინაშე დაყენებული ქვეყანა, როცა ერთადერთ კრიტერიუმად საზღვარზე ტემპერატურის გაზომვა ითვლება“, – განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ საზღვარი უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით უნდა გაიხსნას:

„ამის აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს ე.წ. კოვიდ პასპორტი, ანუ, ცნობა იმ ქვეყნიდან, საიდანაც ტურისტი შემოდის. ადგილზე ტემპერატურის გაზომვა, ეს დამატებითი შემოწმება უნდა იყოს. ერთი მხრივ, გადაწყვეტილებას მივესალმებით, მეორე მხრივ, გაუგებარია და გადაწყვეტილება სერიოზულ რისკებს შეიცავს. იმედია, მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რითაც დაცული იქნება უსაფრთხოება“.

„ევროპული საქართველო“ კი მთავრობას მოუწოდებს, გააფართოოს ქვეყნების ჩამონათვალი:

„ეს სწორედ ისაა, რისკენაც დიდი ხანია მოვუწოდებთ მთავრობას. ეს დაგვიანებული ნაბიჯია. ადამიანებს, ბიზნესს უკვე დიდი ზარალი მიადგა იმის გამო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მთავრობამ მოლოდინი შექმნა, რომ საერთოდ არ გაიხსნებოდა ფრენები. ამავე დროს, სრულიად გაუგებარია, რატომ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს გაიარონ 14 - დღიანი კარანტინი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი იმ სახელმწიფოებში იმყოფებოდნენ, რომლებთანაც საზღვარი კარანტინის მოთხოვნის გარეშე გვაქვს გახსნილი. სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებაა, მთავრობას მოვუწოდებთ ეს შეცვალონ და ამავედროს, გააფართოონ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საზღვრებს ვხსნით. ასევე, მთავრობას მოვუწოდებთ სახმელეთო საზღვარი, შესაბამისი რეგულაციებით, გახსნაც თურქეთთან, იქ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე მუშაობს,“- განაცხადა პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

იხილეთ ასევე:

საქართველო ხუთი სახელმწიფოსთვის საზღვარს უპირობოდ ხსნის

საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S