
რატომ არ "იმჩნევს" მოსკოვი წნელისს
17/07/2020 13:59:29 კონფლიქტები
ორიოდ დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა "კომენტარი საქართველოს მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის ინციდენტების გახშირების თაობაზე», რომელიც, როგორც ჩანს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან დე ფაქტო საზღვარზე პროვოკაციების ორგანიზების შესახებ საქართველოსა და ამერიკის მიერ თავად მოსკოვისთვის წაყენებულ ბრალდებაზე პასუხად უნდა განვიხილოთ.
«შეშფოთებით აღვნიშნავთ ბოლო დროს საქართველოს მხრიდან რუსული, აფხაზური და ოსური საზღვრების უკანონო კვეთის კუთხით ინციდენტების გახშირებას» - ნათქვამია ოფიციალური მოსკოვის კომენტარში.
ლავროვის უწყებას “საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის (დაღესტნის მონაკვეთზე) სახელმწიფო საზღვრების უკანონო კვეთის” ოთხი მაგალითი მოჰყავს და თუ აღწერით ვიმსჯელებთ, საუბარია მონადირეებზე. ამასთან, როგორც მოსკოვი ირწმუნება, მესაზღვრეების მიერ ამ პირთა დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მცდელობებს ჰქონდა ადგილი.
«მსგავსი დარღვევების სერიოზული, ხანდახან პროვოკაციული ხასიათისა და რუსული მხარის განწყობის მიუხედავად, მსგავსი საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზირებულად გადაჭრას, თბილისში, სამწუხაროდ, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობასა და საკუთარი ბრალეულობის სხვაზე გადატანას», – აღნიშნავს ოფიციალური მოსკოვი.
"პოლიტიკურ სპექტაკლად" მოსკოვი საქართველოსა და აშშ-ის რეაქციას აფასებს რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. გამყოფი ხაზის მიდამოებში, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების თაობაზე. ქვედა კიდურის არეში დაჭრილი გახელაძე მეხუთე დღეა, ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება. მისი დაკავების გარემოებებისა და ჯანმრთელობის მდგომრეობის შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს. ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციის – "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები დაჭრილთან არც დღეს მიუშვეს.
ლავროვის უწყება ქართულ მხარეს მოუწოდებს, “პროვოკაციული ქმედებები, განცხადებები შეწყვიტოს და პრობლემები რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ყველა არსებული ფორმატის, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კარასინი-აბაშიძის არაფორმალური დიალოგის ფორმატის მეშვეობით აგვაროს”.
ამასთან, ოფიციალური მოსკოვი ხაზასმით აღნიშნავს, რომ “სასაზღვრო ინციდენტების გახშირება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სოხუმსა და ცხინვალთან თბილისის მოლაპარაკებების დროული დაწყების აუცილებლობას საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებსა და ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო განცხადების მიღებაზე».
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ არაერთ მოქალაქესა და ვითარებაზე დამკვირვებლებს თვალში ეცათ ის გარემოება, რომ მოსკოვის განცხადებაში ერთი სიტყვითაც კი არ იყო ნახსენები სოფელ წნელისთან გახსნილი ქართული საპოლიციო საგუშაგო, რომელსაც მუდმივად ახსენებენ ანატოლი ბიბილოვი და მისი რეჟიმის წარმომადგენლები. ამ საკითხზე ბიბილოვის ბოლო განცხადება ლავროვის უწყების ხსენებულ ოფიციალურ კომენტარს დროშიც კი დაემთხვა.
«უკანონო ქართული საგუშაგოს პრობლემა დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას. სადღეისოდ მთავარი სისხლისღვრის არდაშვება და მოქალაქეების უსაფრთხოების შენარჩუნებაა” - განაცხადა სწორედ იმ დროს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა.
აქედან გამომდინარე, ცხინვალისა და მოსკოვის პოზიციებში თითქოს აშკარა დისონანსია: პირველი მიუთითებს 2008 წლის აგვისტოდან დე ფაქტო საზღვრის მიდამოებში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომლის გამოც გასული წლის სექტემბრიდან ე.წ. გამტარი პუნქტები ჩაკეტილია და ამის საფუძველზე ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მწვავე კრიზისია შექმნილი. მეორე კი ამას თითქოს არ “იმჩნევს”...
«მოსკოვის ამ განცხადებაში რუსეთის პოზიციის რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ვერ ვხედავ – უბრალოდ ხმამაღლა ითქვა ის, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ითქმოდა. წნელისი კი იმიტომ არ არის ნახსენები, რომ ეს სხვა საკითხია. საგარეო უწყების განცხადებაში გამიჯნულია ორი რამ: რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დარღვევა და თავად სასაზღვრო ხაზი. მოსკოვი არ მიუთითებს, როგორ უნდა გაიაროს ამ ხაზმა, იგი უბრალოდ მისი დელიმიტაცია-დემარკაციის საჭიროებას უსვამს ხაზს. ანუ, ლოგიკა იმაშია, რომ თბილისმა, ცხინვალმა და სოხუმმა უნდა მოილაპარაკონ, როგორ გაივლის საზღვარი, რუსი მესაზღვრეები კი მას უბრალოდ იცავენ» - ეს არსი დაინახა ლავროვის უწყების განცხადებაში რუსმა პოლიტოლოგმა ნიკოლაი სილაევმა.
მისი კოლეგა ალექსეი მალაშენკო კი თვლის, რომ წნელისზე საუბარი მოსკოვს არაფერში აწყობს:
«რუსეთი ამ საკითხზე საუბრით ვერაფერს მოიგებს. ეს არ არის უკრაინა, დონბასი, ეს ისე – “უმნიშვნელო დეტალია”. გარდა ამისა, მოსკოვში დაწყებულია რაღაც გაუგებარი საუბრები: ზახარ პრილეპინი გამოვიდა “რეფერენდუმების ჩატარებისა და რუსეთთან მიერთების” ინიციატივით; თავად პუტინიც ალაპარაკდა რაღაც “გაერთიანებაზე, აღორძინებაზე”... ეს ყველაფერი მდორე ხარისხის საესტრადო შოუს ჰგავს და, ლოგიკით, საგარეო უწყების საქმეს საერთოდ არ წარმოადგენს. ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, რა დამოკიდებულება,რა პოზიცია აქვთ ამ საკითხში. საბოლოო გადაწყვეტილება, გამოკვეთილი ხედვა ჯერ-ჯერობით არ არსებობს და, შესაბამისად, არც არაფერი აქვთ სათქმელი, პროცესები მიუშვეს და დაახლოებით ასე იქცევიან – “იმ დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა იქ საკითხი თავად მოაგვარონო”.
მისივე აზრით, ეს მდგომარეობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება – ან რაიმე ისეთი უნდა მოხდეს, რაც მოსკოვს ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარებას აიძულებს:
“ზოგადად, მთელი ეს სიტუაცია თავიდან ბოლომდე აბსურდულია: ასე დაიწყო და ასევე მიმდინარეობს. ვფიქრობ, ასევე მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელებაც”.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში გამოიყენება