ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ

14-08-2020 14:29:13 ანალიზი

რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის სამსახურების წინააღმდეგ ევროკავშირი ახალ სანქციებს აწესებს. კიბერთავდასხმებთან დაკავშირებით მიღებული სანქციების პაკეტის ვადა ერთი წელია. პაკეტი კიბერდამნაშავეების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ითვალისწინებს.

სანქციების ჩამონათვალში რუსეთის დაზვერვის ოთხი თანამშრომელი შედის: ალექსეი მინინი, ალექსეი მორენეცი, ევგენი სერებრიაკოვი და ოლეგ სოტნიკოვი. ისინი ნიდერლანდებში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამოძიებაში იყო ჩართული.

რუსული დაზვერვა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი კიბერშეტევის, NotPetya-ს უკანაც იდგა. ამ „მავნე“ პროგრამის მთავარი სამიზნე დიდი კომპანიები იყვნენ. მიიჩნევა, რომ NotPetya-ს მიერ გამოწვეულმა ზარალმა 10 მილიარდ დოლარს მიაღწია. შეტევის მთავარი სამიზნე უკრაინა იყო, სადაც ჩერნობილის ატომური სადგურის მონიტორინგის სისტემა გაითიშა, ასევე შეფერხდა ბანკებისა და მეტროს ნორმალური ფუნქციონირებაც.

კარგი იქნება გავიხსენოთ 2015 წელიც, როდესაც ბუნდესტაგზე უპრეცედენტო მასშტაბის კიბერთავდასხმა ერთი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. გერმანელმა დეპუტატებმა ერთნაირი ელექტრონული გზავნილი მიიღეს, რომლებშიც "@un.org" ფიგურირებდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს წერილები გაეროსთან იყო დაკავშირებული. მათში ინახებოდა ბმული, რომელზე გადასვლაც, სისტემაში მავნებლური პროგრამა-ჯაშუშის შეღწევას იწვევდა. ამგვარად, ჰაკერებმა გერმანელების კომპიუტერებიდან 16 გეგაბაიტამდე მოცულობის ინფორმაციის მოპარვა მოახერხეს. ამასთან, რუსმა ჰაკერებმა ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტაც გატეხეს, რის შედეგადაც რუსული სამხედრო დაზვერვისთვის ათასობით ელექტრონული წერილი გახდა ხელმისაწვდომი. ასევე, კიბერთავდასხმის შედეგად მოპარული იყო პარლამენტის თანამშრომლებისა და პოლიტიკოსების პაროლები, მიმოწერა, საიდენტიფიკაციო მონაცემები, საიდუმლო მასალები და სხვა პირადი ინფორმაცია. ზიანი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ამ შეტევის შემდეგ, ბუნდენსტაგის კომპიუტერული სისტემა რამდენიმე დღე გამორთული იყო.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოს, საკრებულოების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებზე და კომპიუტერულ მართვით სისტემებზე ჰაკერულმა ჯგუფმა, Fancy Bear-მა თავდასხმა განახორციელა. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დადგინდა, რომ ოპერაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს („გრუ“) მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. თავდასხმა დაგმო დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, დანიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ნოვერგიამ, ჩეხეთმა, მონტენეგრომ, რუმინეთმა, ნიდერლანდებმა, კანადამ, ავსტრალიამ და უკრაინამ.

2020 წლის ივლისში ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელშეწყობით მოქმედი ჰაკერული ჯგუფები მსოფლიოში არსებული ინსტიტუტებიდან და აკადემიური დაწესებულებებიდან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევების შესახებ მონაცემებს იპარავენ. ბრიტანეთი, აშშ და კანადა, ერთობლივი განცხადებით, კიბერთავდასხმებში „APT29-ს“ (Cozy Bear) სახელით ცნობილ ჯგუფს ადანაშაულებდნენ, რომელიც, მათი თქმით, რუსეთის უშიშროების სამსახურების ხელშეწყობით მოქმედებდა.

ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ქმედებები ევროპელ პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი სანქციების ამ ახალი პაკეტით რუსეთს აჩვენებს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ჰაკერული თავდასხმების ეს ჩამონათვალი დიდი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, რუსულ დაზვერვას საცეცები ყველგან აქვს. კრემლს ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა, ევროკავშირი პუტინის ბინძურ მეთოდებს სულ უფრო მკაფიოდ და მკაცრად უპირისპირდება. იქნება თუ არა სანქციები ოფიციალური მოსკოვისთვის შემაკავებელი ფაქტორი არავინ იცის. თუმცა, ერთი რამ ცხადია, პუტინის რეჟიმი ყოველდღიურად სულ უფრო მეტ მოწინააღმდეგეს იჩენს, რაც სავარაუდოდ მისთვის კარგად ვერ დასრულდება.

მარიამ ჭანუკვაძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები