
ოპოზიციის ნაწილი "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნას ითხოვს
25/08/2020 09:45:40 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციის ნაწილი "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.
"ნორმალურ სახელმწიფოში, როდესაც ამგვარი დაფინანსების შესახებ გახდებოდა ინფორმაცია ცნობილი, დაუყოვნებლივ დაინტერესდებოდა ამ საკითხით არა მხოლოდ აუდიტის სამსახური, არამედ ასევე პროკურატურა, რადგან საქართველოს კანონი კრძალავს უცხო ქვეყნის ფინანსური სახსრების შეღწევას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს, როდესაც ხდება პირდაპირ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან. დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორი იქნებოდა "პოატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოხსნა", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ გავრცელებული დოკუმენტები ცხადყოფს არა მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის", არამედ მმართველი პარტიის გეგმებსაც:
"პოლიტიკური პარტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ღიად იყო ასოცირებული "ქართულ ოცნებასთან", რომელსაც "ქართული ოცნება" ღიად მოიაზრებს თავის კოალიციურ პარტნიორად, ფინანსდება რუსეთიდან. ეს არის საფუძველი არა მარტო ინაშვილის არჩევნებიდან მოხსნის, არამედ იმის გააზრების, თუ რას აკეთებს "ქართული ოცნება" და რა ამოცანები აქვთ ამ არჩევნებში".
ცნობისთვის: "პატრიოტთა ალიანსის" წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, პარტია «აფხაზეთის სახალხო ფრონტის» ხელმძღვანელი ლაშა საკანია ქართულ მხარესთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს. «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენლებთან შეხვედრას კი, რომელსაც სულ ორიოდ დღის წინ ასევე უარყოფდა, ახლა «წმინდად ჰუმანიტარულ აქციას» უწოდებს.
მოსკოვიდან დაბრუნებული საკანიას ახალი კომენტარი 24 აგვისტოს აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. მასში, კერძოდ, ნათქვამია:
«მინდა, სიცხადე შევიტანო იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება აფხაზურ საზოგადოებასა და სოცქსელებში და რომელთან დაკავშირებითაც ახსენებენ ჩემს სახელს. აგვისტოს დასაწყისში მომმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და მთხოვეს, დახმარება გამეწია საქართველოდან ღვთისმშობლის ხატის ილორის მონასტრისთვის ძღვენის სახით გადაცემაში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დავით თარხან-მოურავმა მიმართათ. შესაბამისად, რუსმა მეგობრებმა მთხოვეს, მომეხდინა აფხაზეთში ჩამოსვლის და ხატის გადაცემის ორგანიზება, რაც გაკეთდა კიდეც. ამით ჩვენი მისია ამოიწურა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემს თანაგუნდელ ალექსანდრე აგრბას, რომელიც ჩემი თხოვნით წამომყვა, არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია- ეს წმინდად ჰუმანიტარული აქცია იყო, რომლის შესახებაც რუსმა მეგობრებმა ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე მთხოვეს. ხალხმა ხატი ჩამოიტანა, მონასტერს გადასვა და ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა. ჩვენი მხრიდან არავის უცდია ამის გასაიდუმლოება და მით უფრო ამის პოლიტიკად ქცევა. როგორც მორწმუნეები, გულწრფელად ვთვლით, რომ ხატის გადაცემა კეთილი და ღვთისნიერი საქმეა. გალის რაიონის ხელმძღვანელობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საქმის კურსში სწორედ იმიტომ არ ჩავაყენე, რომ ამ ჰუმანიტარულ ღონისძიებას პოლიტიკური სტატუსი არ მისცემოდა».
24 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიასთან ერთად.
"დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, - განაცხადა ინაშვილმა.
მოგვიანებით მან თავის "ფეიბუკში" პირად გვერდზე ილორის ტაძარში გადარებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
იხილეთ ასევე: "დოსიეს" გამოძიება: „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლისგან 8 მილიონს ითხოვს“