
შამბა: “პრეზიდენტი ბჟანია საქმის კურსში იყო მისი თანაშემწის – ლაშა საკანიას ქმედებების თაობაზე”
25/08/2020 14:53:52 კონფლიქტები
აფხაზ ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია “არუაას” წარმომადგენლები დღეს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც დე ფაქტო უშშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაც ესწრებოდა, განხილვის ძირითად თემას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების გალის რაიონში 18 აგვისტოს ვიზიტი წარმოადგენდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შამბამ “ნუჟნაია გაზეტას” განუცხადა, სამსაათიან შეხვდრაზე “არუაამ” საკანიას გადაყენება მოითხოვა.
მისივე თქმით, ასლან ბჟანიამ აცნობა “არუაას” წარმომადგენლებს, რომ “საქმის კურში იყო” საკანიას ქმედებების თაობაზე და რომ მის შესახებ თავის გადაწყვეტილებას ორგანიზაციის წევრებს მოგვიანებით შეატყობინებთ.
შამბას ინფორმაციით, 27 აგვისტოს დე ფაქტო პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზ დეპუტატებსაც შეხვდება.
ცნობისთვის: "პატრიოტთა ალიანსის" წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, პარტია «აფხაზეთის სახალხო ფრონტის» ხელმძღვანელი ლაშა საკანია ქართულ მხარესთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს. «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენლებთან შეხვედრას კი, რომელსაც სულ ორიოდ დღის წინ ასევე უარყოფდა, ახლა «წმინდად ჰუმანიტარულ აქციას» უწოდებს.
მოსკოვიდან დაბრუნებული საკანიას ახალი კომენტარი 24 აგვისტოს აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. მასში, კერძოდ, ნათქვამია:
«მინდა, სიცხადე შევიტანო იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება აფხაზურ საზოგადოებასა და სოცქსელებში და რომელთან დაკავშირებითაც ახსენებენ ჩემს სახელს. აგვისტოს დასაწყისში მომმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და მთხოვეს, დახმარება გამეწია საქართველოდან ღვთისმშობლის ხატის ილორის მონასტრისთვის ძღვენის სახით გადაცემაში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დავით თარხან-მოურავმა მიმართათ. შესაბამისად, რუსმა მეგობრებმა მთხოვეს, მომეხდინა აფხაზეთში ჩამოსვლის და ხატის გადაცემის ორგანიზება, რაც გაკეთდა კიდეც. ამით ჩვენი მისია ამოიწურა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემს თანაგუნდელ ალექსანდრე აგრბას, რომელიც ჩემი თხოვნით წამომყვა, არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია- ეს წმინდად ჰუმანიტარული აქცია იყო, რომლის შესახებაც რუსმა მეგობრებმა ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე მთხოვეს. ხალხმა ხატი ჩამოიტანა, მონასტერს გადასვა და ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა. ჩვენი მხრიდან არავის უცდია ამის გასაიდუმლოება და მით უფრო ამის პოლიტიკად ქცევა. როგორც მორწმუნეები, გულწრფელად ვთვლით, რომ ხატის გადაცემა კეთილი და ღვთისნიერი საქმეა. გალის რაიონის ხელმძღვანელობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საქმის კურსში სწორედ იმიტომ არ ჩავაყენე, რომ ამ ჰუმანიტარულ ღონისძიებას პოლიტიკური სტატუსი არ მისცემოდა».
24 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიასთან ერთად.
"დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, - განაცხადა ინაშვილმა.
მოგვიანებით მან თავის "ფეიბუკში" პირად გვერდზე ილორის ტაძარში გადარებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
იხილეთ ასევე: "დოსიეს" გამოძიება: „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლისგან 8 მილიონს ითხოვს“