ხიდაშელი – წულუკიანზე: „თუ შესაძლებლობა მიეცათ, ის იქნება პარლამენტის თავმჯდომარე“
10/09/2020 17:59:05 პოლიტიკა
რა სარგებელი შეუძლია, მოუტანოს ბატონმა სანკიძემ საქართველოს პარლამენტიდან, როდესაც მან ისიც კი ვერ მოახერხა, რომ რუსეთის არმიის კლუბში მყოფ საკუთარ თანაგუნდელზე დუმილი აერჩია?!– ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის შეფასებისას განაცხადა.
„საქართველოში არსებობს საერთოდ ვინმე, ვისა სეუძლია მასზე მწყობრად, არგუმენტირებულად ცუდი თქვას? არ მგონია, მაგრამ ამასობაში რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს ბატონმა სანკიძეს არა კალათბურთის ფედერაციიდან, მოედნიდან, არამედ საქართველოს პარლამენტიდან, როდესაც მან ისიც კი ვერ მოახერხა, რომ სუსეთის არმიის კლუბში მყოფ საკუთარ თანაგუნდელზე დუმილი აერჩია. კარგით, ნუ დაუპირისპირდებოდა, მაგრამ დუმილი მაინც აერჩია და მაგალითად, იმ კლიპებში არ ყოფილიყო, რომელიც პრინციპში, გვეუბნება, რომ რუსეთის არმიის დროშის ტარება ქართველებისთვის პრობლემ არაა, იმიტომ, რომ თურმე სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ.
ხიდაშელი ამბობს, რომ დღევანდელმა პრეზენტაციამ „საგურამოს წარდგენასთან“ გაუჩინა ასოციაცია და როგორც „2016 წლის შემადგენლობის კარგმა ნაწილმა ბოლოს ქუდი დაიხურა და წავიდა, რადგან მათ ვერაფერი მოახერხეს, ზუსტად ასე მოწევს ამ შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანს – მათ უბრალოდ სხვა შანსი არ ექნებათ რეალობის გათვალისწინებით“.
ხიდაშელი ფიქრობს, რომ სია შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან და ამაში უჩვეულო ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერია, მაგრამ თუ სიის შემადგენლობას გადავხედავთ, ეს „კალაძე–კობახიძის“ სიაა.
„ამიტომ, სრულიად ერთმნიშვნელოვანია, სად არის ბიძინა ივანიშვილის ნდობის ვექტორი... დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის მინისტრის სიაში ყოფნა ერთადერთი მიზეზითაა გამოწვეული, რომ თუ ამის შესაძლებლობა მიეცათ, ის იქნება საქართველოს პარლამენტის შემდეგი თავმჯდომარე“,– აღნიშნა ხიდაშელმა „ფორმულას“ ეთერში.


