რა ხედვები აქვთ პარტიებს ჯანდაცვის მიმართულებით

23-09-2020 17:21:47 პოლიტიკა ,ანალიზი

რა ხედვა აქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ჯანდაცვის საკითხთან დაკავშირებით? ამ თემაზე პარტიების ნაწილის ხედვებს ვებგვერდი Partiebi.ge ავრცელებს. გთავაზობთ ხედვებს:

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები

პარტია „მოქალაქეების“ ხედვით, უნდა მივაღწიოთ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობას, არამედ ხარისხიან ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობას. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხალხის ფული თუკი რაიმეს უნდა ხმარდებოდეს, ეს, უპირველეს ყოვლისა, ხალხისავე ჯანმრთელობაა. საქართველოში ჯანმრთელობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ამისთვის სახელმწიფო უნდა გამოვიდეს ამ სფეროდან, როგორც სერვისის მიმწოდებელი და უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა და ხარისხი. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საუნივერსიტეტო კლინიკებს. სამწუხაროდ, ჯანდაცვა თავად დასაცავია კანონმდებლობით. გაუაზრებელმა, არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ ეს სფერო ძალიან დააზიანა, ამიტომაც ჯანდაცვის რეფორმაც უნდა იყოს საყოველთაო კონსენსუსის შედეგი და გათვლილი მაქსიმალურად გრძელვადიან პერსპექტივაზე, რათა ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკურმა პარტიებმა ისევ არ გააგრძელონ ჩვენთან ვაჭრობა ჩვენივე ჯანმრთელობით. ხარისხის უზრუნველსაყოფად ექიმებს, კლინიკის დამაარსებლებს უნდა დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში ისეთი პირველადი, ხარისხიანი ჯანდაცვის რგოლის შექმნას, რომელიც პაციენტს მხოლოდ მას შემდეგ გაგზავნის ხანგრძლივ სტაციონარულ მომსახურებაზე, რაც ყველანაირ ამბოლატორიულ და თერაპიულ შესაძლებლობებს ამოწურავს.

ევროპული საქართველო

მოძრაობა თავისუფლებისთვისმსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს საჯარო ფინანსების მიმოხილვაში“, რომელიც ჯანდაცვის სექტორზე აქცენტით არის გაანალიზებული, პირდაპირაა ნათქვამი: „ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, ჯიბიდან გადახდები ჯანდაცვის დაფინანსების კვლავ დომინანტურ წყაროდ რჩება (მთლიანი ხარჯის 66%)“. ეს მდგომარეობა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, გაღარიბებისგან დაუცველს ხდის საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს. გასათვალისწინებელია, რომ მათ ჯიბეს მხოლოდ მედიკამენტის ხარჯი არ აწვებათ. ზოგადად, ჯანდაცვის დანახარჯების უდიდესი ნაწილი, შედარებით ნაკლებხარჯიანი ამბულატორიული მკურნალობის ნაცვლად, ძვირად ღირებულ ჰოსპიტალურ მომსახურებას ხმარდება, რაც პრობლემაა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ისე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის. სიღარიბის დასაძლევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება აუცილებელი (თუმცა არასაკმარისი) პირობაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა გაჩნდეს 400-მდე დასახელების მედიკამენტის თანადაფინანსების კომპონენტი (სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის განსხვავებული პროპორციით). ოღონდ ჯერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეთ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახელმწიფო (და არასახელმწიფო) ფინანსების ეფექტიანად ხარჯვა ასევე ხარისხის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა.

ლელო საქართველოსთვის

„ლელოს“ ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მოდელი ითვალისწინებს სადაზღვევო მედიცინის პრინციპებზე გადასვლას – სახელმწიფო დააზღვევს ყველა მოქალაქეს კერძო სადაზღვევო კომპანიების გავლით.

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი წამალი (მედიკამენტი). შეიქმნება წამლისა და საკვების პროდუქტების ხარისხის სააგენტო (ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული FDA-ს მსგავსი სტრუქტურა), რომელიც განახორციელებს ხარისხის კონტროლს და დანერგავს შესაბამის სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე მხოლოდ მაღალხარისხიანი წამლის არსებობას. მედიკამენტების ღირებულების დიდ ნაწილს დაფარავს სადაზღვევო კომპანია (მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის ექიმის დანიშნული წამალი იქნება უფასო).

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის (ადმინისტრირების) რეფორმა. მოხდება სამინისტროს რეფორმირება და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ძირითადი ფუნქცია იქნება კანონებისა და რეგულაციების აღსრულების სათანადოდ უზრუნველყოფა, მოქალაქეების, სამედიცინო ორგანიზაციების, სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობის რეგულირება, პროფესიულ ასოციაციებთან ერთად ახალი სტანდარტების შემუშავება და დანერგვა.

პირველადი ჯანდაცვა. ყველა მოქალაქეს ეყოლება კვალიფიციური, მოტივირებული ოჯახის (პირადი) ექიმი. ოჯახის ექიმის მომსახურებაზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობას.

ელექტრონული მედიცინის (E-Health) დანერგვის მეშვეობით ოჯახის ექიმს მიეცემა საშუალება, მოქალაქეს (პაციენტს) სპეციალისტთა კონსულტაციები დისტანციურად გაუწიოს.

სამედიცინო განათლება. შეიცვლება სამედიცინო განათლების საგამოცდო და დიპლომის მიღების სისტემა (ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული USMLE-ს მსგავსად). დაინერგება პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული განათლების სტანდარტი. სამედიცინო დაწესებულებებში უწყვეტი პროფესიული განათლების არსებობა სავალდებულო გახდება. რეზიდენტურა იქნება უფასო, ხოლო რეზიდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი ანაზღაურებით. სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა საექთნო განათლების განვითარებას და ექთნის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას.

ახალი პოლიტიკური ცენტრი

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ დაანებოს ამ სფეროს თავი და მისცეს თავისუფალი განვითარების საშუალება. დღეს ჯანდაცვა არის ყველაზე რეგულირებული სფერო, სადაც ყველაფერი კონტროლდება; იგი, ფაქტობრივად, შერწყმულია სახელმწიფოს, რომელიც მის მიმართ კეთილგანწყობილი ბიზნესმენების და მათი ბიზნესის მეშვეობით მომჯდარია ამ სფეროს და კერძო ინიციატივების არდაშვებით აჭაობებს მას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია

ჩვენი გეგმით გათვალისწინებული ჯანდაცვის რეფორმის მიზანია შეიქმნას დაავადების პრევენციასა და მოსახლეობის ჯანმრთელ და ხანგრძლივ სიცოცხლეზე ორიენტირებული ჯანდაცვის ეროვნული სისტემა. ასეთმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლება მიიღოს დროული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, ჯანდაცვის არაეფექტიანი სისტემისა და სოციალური უსამართლობის შედეგად, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ევროპის უმრავლეს ქვეყნებთან შედარებით, 10 წლით ნაკლებია. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი ბავშვებში ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ჯანდაცვის ეროვნული სისტემის პრიორიტეტი გახდება პრევენციასა და ხარისხზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება – უსაფრთხო, ეფექტიანი და ეფექტური, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია, ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა. ჩვენი გეგმით:

500 მილიონი ლარი სახელმწიფო ინვესტიცია მოქალაქეთა ჯანმრთელობაში

  • განახევრდება მედიკამენტების ფასები; დაინერგება სრულყოფილი პროფილაქტიკური კვლევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ; საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 400-ლარიანი კერძო პრემიუმ დაზღვევით ყველასთვის, ვინც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვით 50 ათას ლარამდე, გადაუდებელი და გეგმური ოპერაციების სრული დაფინანსებით;
  • მშობიარობა იქნება უფასო, აგრეთვე – სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება;გაორმაგდება ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელთა ხელფასები;
  • პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით დაინერგება კერძო საექიმო პრაქტიკა;
  • გაიზრდება სახელმწიფო ონკოლოგიური პროგრამების დაფინანსება და გაიხსნება რეგიონალური მასშტაბის ონკოლოგიური ცენტრი – აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებული მაღალი კლასის სპეციალისტებით;
  • 3 მილიარდი ლარი სამედიცინო ტურიზმიდან ჯანდაცვის სექტორში – საქართველოში სამკურნალოდ მეტი პაციენტის შემოსვლა ნიშნავს მეტი ფინანსური რესურსის გაჩენას კლინიკებისთვის, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჯანდაცვის ტექნოლოგიური და თანამედროვე სისტემის ფორმირებას და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასებს;
  • უფასო პალიატიური მზრუნველობა.

სტრატეგია აღმაშენებელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ „ჯანდაცვის ახალი ქართული მოდელის“ მიზანია შეიქმნას ინოვაციებსა და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაქსიმალურად ხარჯთეფექტიანი ჯანდაცვის ქართული მოდელი, რომელიც პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს. მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხი და ფინანსური ხელმისაწვდომობა იქნება ახალი მოდელის ძირითადი მახასიათებელი. ჯანდაცვის ახალი მოდელის ძირითადი ინიციატივებია:

  • ინიციატივა „ინდივიდუალური ჯანმრთელობის გეგმა საქართველოს ყველა მოქალაქეს“ – გულისხმობს, რომ თითოეულ მოქალაქეს ექნება პერსონალური ჯანდაცვის გეგმა დაწყებული დაბადებიდან (ან პროგრამაში ჩართვიდან). ეს საშუალებას მისცემს მას, ოჯახის ექიმის დახმარებით ჩაიტაროს ყველა სავალდებულო აცრა, გაიაროს საჭირო სამედიცინო პროცედურები (მათ შორის სიმსივნის სკრინინგი), ჰქონდეს წვდომა რეცეპტით დანიშნულ წამლებზე, დაგეგმოს ექიმთან ვიზიტი ან საჭირო პროცედურა მისთვის მისაღებ დროს და ადგილას;
  • ონკოლოგიური დაავადებების ყოვლისმომცველი მართვა და სრული ფინანსური დაფარვა ყველა ეტაპზე: პრევენცია, სკრინინგი, ადრეული დიაგნოსტიკა, მაღალი ხარისხის მკურნალობა, ზრუნვა და პალიატიური მოვლა;
  • ჯანდაცვის სისტემის სრული დიგიტალიზაცია – ჯანდაცვის ელექტრონული სისტემების სრული ინტეგრაცია ჯანდაცვის ყველა დონეზე, რაც გახდის სისტემას უფრო პერსონიფიცირებულს, ხარჯთეფექტიანს და ხელს შეუწყობს სანდო სტატისტიკის შექმნას;
  • „საქართველო – რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი“. სამკურნალო კურორტების მოწესრიგებით, ინვესტიციის მოზიდვით, უსაფრთხოებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვით ჩვენ ვიზრუნებთ, რომ საქართველო წარმოჩნდეს მსოფლიო დონეზე როგორც სამედიცინო ტურისტული დანიშნულებისთვის მიმზიდველი ადგილი;
  • წამლის ფასის შემცირება სულ მცირე 30%-ით ფასების გამჭვირვალობის, ე.წ. რეფერენსფასებისა და ფასწარმოქმნის ევროპული სტანდარტების დანერგვით. ყურადღება მიექცევა პრიორიტეტული სფეროების (უწინარესად, ფარმაცევტული) დემონოპოლიზაციის პროცესს და ბაზარზე გამჭვირვალე, ჯანსაღი კონკურენციის დანერგვას. ფასების მოწესრიგების პარალელურად, სახელმწიფო დაიწყებს წამლის ხარისხზე ზრუნვას ახალი მოდულების დანერგვის გზით (СTD, track and trace და სხვ.).

ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა

ხალხის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია: გამართული, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული და საზოგადოებრივად სამართლიანი ჯანდაცვის სისტემა. აქცენტი დაავადების პრევენციაზე უნდა გადავიტანოთ. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივცეთ რეალური შესაძლებლობა, თავიანთ ჯანმრთელობაზე დაავადების ჩამოყალიბებამდე და გართულებამდე იზრუნონ.

  • სახელმწიფო ჯანდაცვითი გარანტიები უნდა გახდეს მართლაც საყოველთაო და სამართლიანი ნებისმიერი მოქალაქის მიმართ;
  • უნდა გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვა. აქცენტი რეალურად გადასატანია დაავადებათა ადრეულ სტადიაზე გამოკვლევასა და მკურნალობაზე, რაც პაციენტისთვისაც უმჯობესია და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც;
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის ექიმებს – მოსახლეობისთვის პირველი ზოგადი საექიმო დახმარების გაწევის სპეციალისტებს, რათა მათი სამუშაო პირობები, მოტივაცია რეალურად შეესაბამებოდეს იმ დიდ ამოცანას, რომელსაც მათ ჯანდაცვის სისტემა აკისრებს და რა შედეგსაც მათგან მოვითხოვთ;
  • ამბულატორიული პროფილის დიაგნოსტიკურ-სამკურნალო დახმარების გაძლიერების პარალელურად უნდა შეიქმნას და დაიხვეწოს მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფოებრივი სქემები, რათა საბოლოოდ დავაღწიოთ თავი უწამლობით მიშვებული ავადობისა და თვითმკურნალობის მიზეზით გამოწვეულ მძიმე შედეგს;
  • აუცილებელია, ჯანდაცვის სისტემაში მოქცეული სახელმწიფო სახსრების რაციონალური მართვა, რათა ეს სახსრები არ ემსახურებოდეს სხვა,
  • არასამედიცინო ინტერესებით მოტივირებულ ჯგუფებს და მეტმა სიკეთემ მიაღწიოს ამ სფეროში მოსახლეობამდე;

მეტი სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა, წამალი შეხვდეს პაციენტს, რომელიც ამას საჭიროებს. ეს გამოწვევა ცალსახად გულისხმობს ჯანდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესებას, სამედიცინო დახმარების ფასწარმოქმნის მოწესრიგებას, სამკურნალო საქმის წარმოებისა და წამლის ხარისხის სრულყოფას, სამედიცინო კადრებისა და სამედიცინო დაწესებულებების ქსელის რაოდენობრივი და ხარისხობრივი განვითარების მოწესრიგებას. სახელმწიფო, მატერიალური შესაძლებლობებისა და სამედიცინო ქსელის პოტენციალის ფარგლებში, სრულად უნდა დაეხმაროს მათ, ვისაც თვითონ არ შეუძლია უზრუნველყოს თავისი ჯანმრთელობა. სოციალურად მგრძნობიარე ფენები – ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, უმუშევრები, ომის ვეტერანები, სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები, სოციალურად დაუცველი პირები – უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ქვეყანაში არსებული სრული სამედიცინო მომსახურებით.

რეფორმატორები

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად გადაიხედება დაზღვევისა და სოციალურად დაუცველთა რეგულირების სფერო. „რეფორმატორები“ კონცეპტუალურად შევცვლით მიდგომებს ჯანდაცვისა და დაზღვევის პოლიტიკაში. მინიმუმამდე შევამცირებთ ბიუროკრატიას. გაბატონებული ფურცელომანია მძიმე ტვირთად აწევს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ხალხს, ამიტომაც საქმის წარმოება სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადავა. მოქალაქეებს, რომლებსაც ესაჭიროებათ და ეკუთვნით სახელმწიფო სამედიცინო ან სხვა სახის მომსახურება ჯანდაცვის სფეროში, აღარ მოუწევთ კლინიკიდან კლინიკაში, თვითმმართველობის ორგანოდან ჯანდაცვის სამინისტროში და ისევ კლინიკაში სიარული, დროის, ნერვებისა და ფულის ხარჯვა. სისტემას მოვაწყობთ იმგვარად, რომ სახელმწიფო სერვისების მიღებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია იქნება სისტემატიზებული, რაც გამორიცხავს დამატებით ბიუროკრატიას.

სამართლიანობისთვის

ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ჯანდაცვის სერვისები და კოორდინაცია გავუწიოთ ჯანმრთელობის დაცვის უფრო თანაბარ და სამართლიან განაწილებას. მთავარი ამოცანაა დაავადების მიერ გამოწვეული ზიანის თავიდან აცილება. ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამსახურის ამოცანა, ის ასევე ითვალისწინებს საზოგადოების ყველა იმ სექტორის ჩართულობას, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ოთხი ძირითადი მიმართულებაა:

  • პირობების შექმნა, რომ ხელი შეეწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას;
  • პროფილაქტიკური ღონისძიებების პრიორიტეტად გამოცხადება;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის გაძლიერება ადგილობრივ დონეებზე;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში ცოდნისა და გამოცდილების როლის გაზრდა.

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია:

  • ადგილობრივი ჯანდაცვის სერვისების, მათ შორის პროფილაქტიკური ჯანდაცვის სერვისების ინტეგრირება ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმარების სისტემებში.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სტრატეგიის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაძლიერებას და შესაბამისი ხელშემწყობი პირობების შექმნას. თამბაქოს მავნე ზემოქმედების პრევენციის პროგრამის შემდგომი დახვეწა.
  • ალკოჰოლის ხელმისაწვდომობის შემცირების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ფასების რეგულაციას დაეფუძნება. ნარკოპოლიტიკის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილის, შემუშავება.
  • საგანგებო სიტუაციებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნისა და რეაგირების გასაუმჯობესებლად სპეციალური გეგმის შემუშავება.

ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს სახელმწიფო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს, უკეთესად მოემზადონ ისეთი სიტუაციებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, კოვიდ პანდემია; უფრო სწრაფად განახორციელონ ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე. ღონისძიებების კომპლექსი შემუშავდება/გატარდება იმ შეთანხმებების ფარგლებში, რომლებსაც ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციები (IHR) ითვალისწინებს. საგანგებო სიტუაციების დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები და დამხმარე კადრები. გადაიდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ სათანადო ანაზღაურება, მხარდაჭერა და გაუჩნდეთ მოტივაცია. აუცილებელია სპეციალისტების ტრენინგი და დამცავი საშუალებებით მათი აღჭურვა. ხელი შეეწყობა ჯანდაცვის სისტემის დიგიტალიზაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტური რეაგირების მხარდასაჭერად.

“ქართული ოცნებისა” და თავისუფალი საქართველოს პოზიციები ამ საკითხზე უცნობია.

partiebi.ge-ის პლატფორმაზე ცალკე თავი ეთმობა ჯანდაცვას COVID-19-ის მართვის ნაწილში:

კითხვა, რომელსაც პარტიებმა უპასუხეს, ასე იყო ფორმულირებული: რა ღონისძიებებს მიმართავთ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში? ამ შეკითხვას პარტიების ნაწილმა უპასუხა.

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები

ვფიქრობთ, ქვეყანა უნდა მიჰყვეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რაც საზოგადოებაში ფრთხილად ქცევის წესებს, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვას, პირბადეების ტარებას ითვალისწინებს. თუმცა ჩვენთვის მიუღებელია დაუსაბუთებელი, უარგუმენტო და ლოგიკას მოკლებული რეგულაციები, რომლებიც კომენდანტის საათის, მანქანითა და ტრანსპორტით გადაადგილების უცნაურ წესებს, ქალაქების ლოგიკას მოკლებულ ჩაკეტვას გულისხმობს.

ევროპული საქართველო

მოძრაობა თავისუფლებისთვისსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, დაწესებული შეზღუდვები მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთნდობასა და თანამშრომლობას დაემყარება. მთავრობა დასჯის პრინციპით კი არ იმოქმედებს, არამედ საზოგადოებას ისეთ გონივრულ რეკომენდაციებს შესთავაზებს, რასაც მოქალაქეები მიიღებენ და სათანადოდ დაიცავენ. ზუსტად ამას ნიშნავს „ვირუსთან თანაცხოვრება“ და სწორედ ეს მიდგომა აგვაცილებს თავიდან ეკონომიკის ისეთ დასუსტებას და საზოგადოების ისეთ ფსიქოლოგიურ თუ ფინანსურ გამოფიტვას, რომ ვირუსთან ბრძოლის მარათონს რაც შეიძლება დიდხანს გავუძლოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დისკრიმინაციული პოლიტიკის აღმოფხვრა, რასაც „ქართული ოცნება“ ვირუსთან ბრძოლის საბაბით ატარებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია

სრულად დავიცავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ წესებს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ბიზნესის წარმოებას და შედეგად არ შემცირდეს სამუშაო ადგილები. ამავე დროს, გამოვრიცხავთ შერჩევითობასა და პოლიტიკური ნიშნით შეზღუდვებს – დაწესებული რეგულაცია უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე თანაბრად.

ახალი პოლიტიკური ცენტრი

გავაუქმებთ ყოველგვარ შეზღუდვას, რაც ვითომ კორონა ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებამ დაუწესა ქვეყნის მოსახლეობას და მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას ჰიგიენის ნორმები.

ერთიანი საქართველო

დემოკრატიული მოძრაობამნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოში კოვიდ 19-ის დაბალი გავრცელების მაჩვენებელი. თუმცა საგანგაშოა სხვადასხვა შეზღუდვის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა. სამედიცინო მიზნებით დაწესებულმა შეზღუდვებმა „პოლიტიკური კარანტინის“ ხასიათი არ უნდა მიიღოს. უკანასკნელი ცვლილებები ჯანდაცვის შესახებ კანონში ასეთ საფრთხეებზე მიანიშნებს.

სტრატეგია აღმაშენებელი

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ზომების გამკაცრება/შეცვლასთან დაკავშირებით ვიმოქმედებთ კონკრეტულ დროში კონკრეტული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

www.partiebi.ge 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც პოლიტიკური პარტიების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.

“პროექტის მიზანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე გათვლილი და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს. ამავე პროექტით გვსურს ხელი შევუწყოთ წინასაარჩევნო კონკურენციასა და დებატების რაციონალური, საქმიანი და პოლიტიკაზე ორიენტირებული დისკუსიების წარმართვას.

ამ ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ პოლიტიკური პარტიების ხედვები ცალკეულ, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და/ან გაეცნოთ მათ სრულ საარჩევნო პროგრამას; სოციალური მედიის აპლიკაციებით კი შეძლებთ ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ.

იმედი გვაქვს, აქტიურად გამოიყენებთ ამ სასარგებლო რესურსს”, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები