რას პასუხობს სუს–ი „დოსიეს“ სკანდალურ გამოძიებას

02-10-2020 13:16:52 პოლიტიკა ,კომენტარი

მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში საქართველოში პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სპექტრში ცენტრ „დოსიეს“ სკანდალური გამოძიება აქტიურად განიხილებოდა. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა პარტიებს უცხო ქვეყნებიდან დაფინანსების მიღების კუთხით შეზღუდვებს უწესებს, ცენტრის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია კი კრემლისა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მჭიდრო ურთიერთობაზე მიუთითებს, აქტიური საზოგადოების მხრიდან საგამოძიებო უწყებების წინაშე ადეკვატური რეაგირების მოთხოვნა დაისვა.

დაახლოებით, ორი კვირის წინ „აქცენტმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა კითხვით, უწყება დაინტერესდა თუ არა „დოსიეს“ გამოძიების შედეგებით და თუ არა, რა არგუმენტით?

პასუხად სააგენტომ სუს–ის ადმინისტრაციის უფროსის ნანა ბერიძის სახელით მოკლე და ზოგადი კომენტარი მიიღო, თუმცა თუ პასუხით ვივარაუდებთ, ხსენებულმა დოკუმენტაციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაინტერესება „ვერ დაიმსახურა“.

„პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხის მონიტორინგი სცილდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციას. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ შესაძლო ქმედებასთან მიმართებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად“,– განუცხადეს „აქცენტს“ სუს–ში.

დღეს, 2 ოქტომბერს „დოსიეს“ გამოძიება არასამთავრობო ორგანიზაციებმა პასუხისმგებელ უწყებებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, მოუწოდეს რა, ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ:

„დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში, სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებებიც იკვეთება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლები):

  • „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიას კოორდინირებას მოსკოვიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწევს. „დოსიეს“ ინფორმაციითვე, ჩერნოვის სამმართველოში წამყვანი თანამდებობები უსაფრთხოების სამსახურების ყოფილ თანამშრომლებს უკავიათ. „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რუსეთისგან საკმაოდ სოლიდური დაფინანსება მოითხოვა (8 430 625 აშშ დოლარი). ანგარიშის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანიისთვის ჩერნოვის ოფისმა კრემლთან დაახლოებული საარჩევნო ექსპერტი, სერგეი მიხეევი დაიქირავა, რომელსაც ჩერნოვის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი, ვალერი ჩერნიშოვი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი, ვალერი მაქსიმოვი ხელმძღვანელობენ.
  • რუსმა კონსულტანტებმა „პატრიოტთა ალიანსისგან“ ქართველი ამომრჩევლების მონაცემები მოითხოვეს (მოთხოვნილ მონაცემებში შედის ამომრჩეველთა პირადი მონაცემები, მისამართები და მათ სახლებში არსებული სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობა) და პარტიისგან ამ მონაცემების გადაცემის პირობა მიიღეს“,– აღნიშნავენ ngo-ები.

ამასთან, 17 არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების გამოძიების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა და მისი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა არ არის საკმარისი, რადგან კვლევაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შესაძლოა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები იკვეთებოდეს“.

არასამთავრობოები საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავენ: „საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაცია და გამოქვეყნებული მასალები, სამართალდამცავ უწყებებს აძლევს საფუძველს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, „გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში“), ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან „დოსიეს“ გამოქვეყნებული ანგარიშები შეიცავს შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მოვუწოდებთ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ფუნქცია, დაიწყონ გამოძიება გამოქვეყნებული ფაქტების ავთენტურობის დასადგენად და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად“.

მიმართვის ადრესატია საქართველოს პარლამენტიც: „პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, გააჩნია ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქცია და ინსტრუმენტები. სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და ჰიბრიდულ საკითხებზე პარლამენტი უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სხვა უწყებების საქმიანობასაც. პარლამენტის დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული ანგარიშის მიხედვით, პარლამენტმა ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებულ თემატურ საკითხებზე, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით, განხილვები უნდა გამართოს. საკითხის მასშტაბისა და რელევანტურობის გათვალისწინებით, განხილვებმა, შესაძლოა, მიიღოს უფრო სიღრმისეული სახე და გადაკეთდეს საგამოძიებო კომისიად. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების და საგამოძიებო სამსახურების მხრიდან „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებზე რეაგირების არქონის პირობებში, მოვუწოდებთ პარლამენტს, შეასრულოს მისი საზედამხედველო ფუნქცია და საკითხის შესასწავლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული საპარლამენტო მექანიზმები“.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კი არასამთავრობოები მოუწოდებენ, „მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის მოკვლევას პრიორიტეტი მიანიჭოს და შედეგები არჩევნებამდე გაასაჯაროვოს, რათა ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი მხრივ, დროულად მოხდეს შესაბამისი სანქციების დაკისრება და, მეორე მხრივ, ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები