ყოფილი მძევალი: „პატივი არც ერთ ჯარისკაცს არ სცეს“
23/10/2020 13:35:04 სამართალი
ყოფილმა მძევალმა დავით ხვიბლიანმა მედიასთან პირველი, მაგრამ მოკლე კომენტარი გააკეთა. კერძოდ, განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ცილისწამებლური კამპანია მიმდინარეობს.
„სრული ცილისწამება იყო, რასაც ჩემზე ავრცელებენ. ამით ჩემი ღირსება, სამსახური შელახეს, არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც არც ერთი ქართველისთვის ლამაზი საქციელი არაა“,– განუცხადა ჟურნალისტებს ხვიბლიანმა, რომელიც როგორც ცნობილია, სენაკის სამხედრო ბაზაზე მსახურობს.
მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. განაცხადა, რომ გამოძიებამ „რა და როგორ მოხდა“ იცის, მიმდინარეობს ძიება და თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, ინფორმაციას საჯაროს გახდის.
ამასთან, ხვიბლიანმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში – ბანკში მომხდარი ინციდნტისა და პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ის ბაზაზე მოვალეობას ასრულებდა.
„სამხედრო ბაზაზე გამოვცხადდი და მოვალეობას ვასრულებდი“,– დასძინა ხვიბლიანმა.
ცნობისთვის: ხვიბლიანი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც "მთავარმა" გაავრცელა ტელევიზიის დირექტორის ნიკა გვარამიას ხელთ არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიბლიანი კიდევ სხვა პირებთან ერთად თავდამსხმელის თანამზრახველი და ცრუ მძევალი იყო. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ინფორმაცია მას ამის შესახებ უცნობმა წყარომ 21 ოქტომბერს მიაწოდა და ამავე დღეს მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ამცნო ამ ფაქტის შესახებ.
დავით ხვიბლიანი ერთ-ერთია იმ სამი პირიდან, რომელიც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთან ერთად ახლდა თავდამსხმელს მიმალვამდე. მანვე გამოიტანა საქართველოს ბანკის შენობიდან ის თანხა, რომელსაც თავდამსხმელი ითხოვდა.
მედია ხვიბლიანთან ცდილობდა კონტაქტზე გასვლას, თუმცა უშედეგოდ. ოჯახი აცხადებდა, რომ არც მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ოჯახის წევრთან.
ხვიბლიანზე 22 ოქტომბერს შს მინისტრმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის მძევალი იყო. რაც შეეხება საკითხს, იყვნენ თუ არა თანამზრახველები მძევლებს შორის ან შენობის გარეთ, გომელაურს გადაჭრით არ უპასუხია. მინისტრმა თქვა, რომ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება.
თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხო დერეფანი მოითხოვა. 23 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, თავისუფალია თავდამსხმელიც და გატაცებულია თანხა. გომელაურმა 22ოქტომბერს დააზუსტა, რომ მძარცველს „საქართველოს ბანკის“ ფული მიუტანეს.
იხილეთ ასევე:
- რას ჰყვება ავტომობილის მფლობელი, რომელმაც თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალამდე მიიყვანა
- ყოფილი მძევალი, რომელმაც ბანკის შენობა თავდამსხმელთან ერთად დატოვა, 21 ოქტომბრის მოვლენებს ყვება
- ხვიბლიანი თავდამსხმელთან კავშირს უარყოფს
- ყოფილი მძევალი იხსენებს, რა ხდებოდა ბანკში მძევლების გათავისუფლებამდე


