შავგულიძე – ვაშაძის განცხადებაზე: „მსგავსი განწყობა ოდნავადაც არ მიგრძვნია“
10/11/2020 10:38:37 პოლიტიკა
„მსგავსი განწყობა ურთიერთობაში ოდნავადაც არ მიგრძვნია“,– ასე ეხმიანება „აქცენტთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი შალვა შავგულიძე ენმ–ის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ინიციატივას.
შავგულიძე „ნაციონალურ მოძრაობიდან“ განმარტების მოლოდინშია.
გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა – სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.
„ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.
ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს. მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას.
ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველები, ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები, და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრები. პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები. გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ. არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას. საქართველო უპირველეს ყოვლისა!",– ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში
ამ ეტაპზე უცნობია, აღნიშნული პოზიცია პერსონალურად გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნის თუ პარტიას.
ჯერ კიდევ 9 ნოემბერს პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი შეკრება ხალხმა არ უნდა დაუშვას.
ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქციები 8–9 ნოემბერს გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.
9 ნოემბერს ოპოზიციამ დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნო, რომელიც აქციებს გულისხმობს.
ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან დიალოგის მზაობას გამოთქვამს რამდენიმე პირობით: მოლაპარაკებები ყველა პარტიის ჩართულობით გაიმართება და მოლაპარაკებების მთავარი თემა ვადამდელი არჩევნები იქნება.
თავის მხრივ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წინაპირობა ცსკ–ის შედეგების პატივისცემა იქნება.
ამავე გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის სწორ გზაზე დაყენების მიმართულებით მუშაობს“.


