მღელვარება ბუკნარში: სოფლის ორ თემს პოლიცია ჰყოფს

13-01-2021 17:19:39 სამართალი ,რეგიონები

ბუკნარში, სოფლის ცენტრში ორი აქცია მიმდინარეობს. ერთ მხარეს სოფლის მუსლიმი თემი დგას, ხოლო მეორე მხარეს – ქრისტიანი. მათ სამართალდამცველების კოროდორი ჰყოფთ. ორივე მხარე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვს.

როგორც მუსლიმი თემი განმარტავს, მათ წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ მეჩეთის მშენებლობის დაპირება მიიღეს, თუმცა მოატყუეს. ირკვევა, რომ სოფლის თანასოფლელებს შორის აღნიშნულ საკითხზე დაპირისპირება დიდი ხანია, გრძელდება, მაგრამ ვითარება განსაკუთრებით გუშინ დაიძაბა: როგორც მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამბობენ, მათ რელიგიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაშავებულებს შორის მოზარდებიც არიან.

განვითარებული მოვლენების გამო მათ მხარდასაჭერად აჭარიდან ბუკნარში რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა.

მათი თქმით, რწმენის გამო ადამიანები არ უნდა იჩაგრებოდნენ –ლოცვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ამასთან, მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს და შეთანხმებას, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს, მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც უნდა დაესწრნენ.

საკითხზე დღეს კომენტარი სახალხო დამცველმაც გააკეთა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში რწმენის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული და სახელმწიფომ მისი აღსრულება უნდა უზრუნველჰყოს.

„სამწუხარო ფაქტს აქვს ადგილი და ეს არ არის პირველი შემთხვევა: 2012–2016 წლებში არაერთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი რელიგიური შუღლის ნიადაგზე, რასაც ობიექტური გამოძიება არ მოჰყოლია, მთელ რიგ შემთხვევაში შეწყდა კიდეც. ამ შემთხვევაში დაპირისპირება გამოიწვია მუსლიმი თემის უფლების რეალიზაციამ, რომ ილოცონ კონკრეტულ ადგილზე, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით: რწმენის თაისუფლება მოიცავს ყველა ადამიანის უფლებას, ილოცონ, აარჩიონ სალოცავი ადგილი, ხოლო სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვვას ეს უფლება და უზრუნველყონ საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაცხოვრება“,– განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იხილეთ ასევე:

"ლოცვა არ შეწყდება" – მუფტი ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ქართველ მუსლიმებს ბოდიშს უხდის

EMC: „კონფლიქტების ანალიზი აჩვენებს, რომ არც ერთ შემთხვევაზე სახელმწიფოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები